11 იანვრის საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო ბანერის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი. ბანერზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. ის დაკავებიდან ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს. ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი (353-ე) 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მზია ამაღლობელთან შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა ადვოკატს, რის შესახებაც რედაქციამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია. უფლებადამცველები არაერთი მოთხოვნის შემდეგ შეუშვეს დაკავებულ ჟურნალისტთან. თუმცა მანამდე ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მას პოლიციელები არასათანადოდ მოეპყრნენ.
„ბათუმელების“ დამფუძნებელმა ომბუდსმენის წარმომადგენელს უთხრა, რომ როდესაც ხელწერილით ათავისუფლებდნენ, მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ, რის გამოც ხელი მოიქნია და უნებურად მოხვდა პოლიციის უფროსს. მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობაში სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსს ადანაშაულებს.
დაპატიმრებული ჟურნალისტისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. მის მხარდასაჭერად ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ რედაქციის თანამშრომლები, კოლეგები და მეგობრები.
.
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გვიან ღამით გაიმართა თბილისშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც მედია უწყებას მოუწოდებდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ავტორიტეტიანი გამოცემის ხელმძღვანელი.