მთავარისაქართველოსაქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ რვა მოქალაქე

საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ რვა მოქალაქე

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ რვა მოქალაქე. გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დაკავებულების ადვოკატები და თავად დაკავებულები ითხოვდნენ სასამართლოს დარბაზის შეცვლას, რადგან დარბაზი პატარა იყო და ვერ იტევდა სხდომაზე დასწრების მსურველებს.

პროცესის დროს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი მიმინოშვილი. ის ამბობდა, რომ დარბაზში სუნთქვა შეუძლებელი იყო. მის მოსაზრებას იზიარებდნენ სხვა იქ მყოფებიც. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და არ შეცვალა დარბაზი. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა და ადვოკატებმა და ბრალდებულებმა პროცესი დატოვეს.

დარბაზიდან გასვლამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვეფხია კასრაძემ თქვა: „მინდა, ყველა დაესწროს. შვილები და ახლობლები დავინახოთ, მგონი, ამის უფლება გვაქვს. თუ არადა, მაინც ფარსი და შოუა ყველაფერი და არ გვინდა, საერთოდ დავტოვებ სხდომას, არ მივიღებ მონაწილეობას”.

პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების თაობაზე პროტესტი მოჰყვა სასამართლოს შენობაში.

„მოსამართლე მონა”, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – სკანდირებდნენ დაკავებულების საგულშემატკივროდ საქალაქო სასამართლოში მისული მოქალაქეები.

გუშინ, 10 იანვარს, საქალაქო სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა აქციების დროს დაკავებული კიდევ 11 პირი. აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი. სწორედ მათი გათავისუფლებაა მასშტაბური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend