ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, დანერგონ ახალი რეკომენდაცია, რომელიც ზღუდავს თამბაქოს პასიურ მოწევას საზოგადოებრივი თავშეყრის გარკვეულ ადგილებში. ინიციატივა კრძალავს არა მხოლოდ ტრადიციულ სიგარეტს, არამედ თამბაქოს ახალ ინოვაციურ პროდუქტებსაც.
საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა დიდი ხანია აკრძალულია, თუმცა მალე შესაძლოა აკრძალვა გარე სივრცეებზეც გავრცელდეს, როგორიც მაგალითად, სათამაშო მოედანია. ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, რომ თამბაქოს მოწევა უფრო მეტ ადგილას აიკრძალოს, რათა შემცირდეს ე.წ. პასიური მწევლის ეფექტი, რომელიც კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია. ამ ინიციატივის მთავარი იდეა მხოლოდ ტრადიციული სიგარეტის აკრძალვა კი არ არის, არამედ სხვა ახალი მოსაწევი საშუალებებისაც. მოდი, განვმარტოთ, რა შეიძლება შეიცვალოს.
სიგარეტის ახალი აკრძალვა შეეხება ისეთ გარეთა სივრცეებს, როგორებიცაა სათამაშო მოედნები და გასართობი პარკები, კაფეები და რესტორნის ტერასები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ასევე ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნულ სივრცეებში აიკრძალება როგორც ტრადიციული თამბაქოს, ისე მოწევის ახალი საშუალებების, მათ შორის ელექტროსიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და მცენარეული ინჰალატორების გამოყენება.
„ევრონიუსმა“ ბერლინისა და ლისაბონის ქუჩებში გამოჰკითხა ხალხი, თუ რას ფიქრობენ ახალ ინიციატივაზე.
„რაც შეეხება ტერასას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ჯანდაცვასთან, მაგალითად, საავადმყოფოსთან, მგონია, რომ აზრი არ აქვს ასეთ ადგილებში აკრძალავს. აბა სად უნდა მოწიოს ადამიანმა?“ – ამბობს ლისაბონის მოქალაქე.
„ჩემი აზრით, კარგი ინიციატივაა, მე თავად მწეველი ვარ, მაგრამ მგონია, რომ უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას, მაგალითად, ბავშვების მიმართ და ჩემი აზრით, არ არის სწორი ბავშვების სათამაშო მოედანზე მოწევა“, – ასე ბერლინელი მოქალაქე ფიქრობს.
კიბოს შემთხვევების 27%-ის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს მოხმარება ითვლება, მათ შორის პასიური მოწევაც.
ახალი რეკომენდაცია არ არის სავალდებულო, ის უფრო სახელმძღვანელო პრინციპია წევრი ქვეყნებისთვის. საინტერესოა, მაინც როგორ მოხდება მისი პრაქტიკაში დანერგვა?
ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრებმა მიიღეს ეს რეკომენდაციები, თუმცა რადგან ევროკავშირის კომპეტენცია არ ვრცელდება ჯანდაცვაზე, ახლა წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, დანერგავენ თუ არა ამ რეკომენდაციებს, ან რა დოზით დანერგავენ და როგორ მოარგებენ საკუთარ გარემოებებს. ევროპული საბჭოს ფარგლებშიც კი შეიკავა თავი ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ჩეხეთმა მეტი კვლევის ჩატარება მოითხოვა თამბაქოს ახალი პროდუქტების მიმართულებით. გარდა ამისა, არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებშიც უკვე დანერგილია ახალი რეკომენდაციების ნაწილი, მაგალითად, შვედეთში უკვე აკრძალულია მოწევა ბარისა და რესტორნის ტერასაზე. ლიეტუვაში კი მოწევა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებშია დასაშვები. მომავალში გამოჩნდება, რა ზომებს გაატარებს თითოეული წევრი ქვეყანა.
ეს წინადადება ნაწილია ევროკავშირის უფრო ფართო დოკუმენტისა, როგორიცაა ევროკავშირის კიბოს დამარცხების გეგმა, რომელიც 2021 წელს წარადგინა მაშინდელმა ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიკიდესმა. ამ გეგმის მიზანია, კიბოს შემცირება მთელ ევროკავშირში და იგი მოიცავს რამდენიმე ინიციატივას, მათ შორის ვაქცინაციისა და სკრინინგის პროგრამებს. მაგრამ გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის თამბაქოს არამწეველი თაობის გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ 2040 წლისთვის ევროპაში მოსახლეობის მხოლოდ 5% იქნება მწეველი. სწორედ ამიტომ გამოვიდა ევროკომისია ამ ინიციატივით, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი პროცესის დაჩქარებას ემსახურება და იმ ახალ პროდუქტებსაც ეხება, რომლებიც ახლა შემოდის ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკომენდაციები არ არის სავალდებულო, ევროპარლამენტში დებატების დროს ეს მაინც საკამათო საკითხი გამოდგა. 2024 წლის 28 ნოემბერს საკითხი ჩავარდა, რადგან მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების მქონე „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა ულტრაკონსერვატიული ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორებას, რომელიც გამონაკლისს უშვებს თამბაქოს ახალ პროდუქციაზე, მათ შორის ელექტროსიგარეტსა და ინჰალატორზე. ეს შესწორება გააკრიტიკეს მემარცხენე-ცენტრისტებმა, ლიბერალებმა და მწვანეებმა.
„გარდა იმისა, რომ ვარ პარლამენტარი, ვარ ასევე ექიმი, პროფესორი მედიკოსი და ჩემთვის სამეცნიერო არგუმენტია მთავარი. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ შესწორებას იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით ორი რამ გვაკლია: გარესივრცეებში მოწევის გავლენის შემსწავლელი კვლევა, განსაკუთრებით ტერასებზე და ელექტროსიგარეტის ფაქტორის კვლევა. სულ ახლახან მოწვეულ კონგრესზე გაირკვა, რომ ელექტროსიგარეტი ეხმარება პაციენტებს, თავი დაანებონ მოწევას. ამიტომ დავუჭირეთ მხარი შესწორებას“, – განმარტავს ლორენ კასტილო, ფრანგი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ფილტვის კიბოს შემთხვევების 90 პროცენტის აღკვეთა შესაძლებელია თამბაქოს მოწევის აკრძალვით. ამ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ის ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც ელექტროსიგარეტი შეიცავს, ძალიან მავნეა ფილტვებისა და გულისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები 16 მილიონ ევრომდე მოცულობის გრანტებს იღებენ, რათა მოწევის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაატარონ, კიდევ 18 მილიონი ევროს დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ გააკონტროლონ ნიკოტინი და აღკვეთონ მოწევის მავნე ჩვეულება.
ბრძოლა თამბაქოსა და მოწევის წინააღმდეგ გრძელდება. 2025 წელს ევროკომისია კიდევ სხვა ინიციატივებითაც გამოვა, რომლებიც შეეხება თამბაქოს დაბეგვრას, რეკლამასა და ინოვაციურ პროდუქციას: ყველაფერს, რაც კი თამბაქოს მომხმარებელთა ჩვევებს განსაზღვრავს.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა