სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნება.
პრემიერი ფაშინიანი განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრების თაობაზე სომხეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ბოლო წლების განმავლობაში ერევანი ცდილობს, უფრო დაუახლოვდეს ბრიუსელსა და ვაშინგტონს.
ქვეყნის საგარეო კურსის ამგვარი ცვლილება მოსკოვთან უთანხმოებამ გამოიწვია – სომხეთის მთავრობა რუსეთს სანდრო პარტნიორად აღარ მიიჩნევს. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვის თანხმობის გარეშე აზერბაიჯანი ქვეყნის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა. მოგვიანებით, ერევანმა მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
ბოლო დროს ვრცელდება ცნობები, რომ სომხეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას გააფორმებენ.
რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო მინისტრმა არარატ მირზოიანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგეგმება მთელი რიგი დოკუმენტების მიღება, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობას სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე აიყვანს.