საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰადსონის ინსიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობდა. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო აღარ არსებობს. აქ აღარ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მე სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ჩემი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას.
ქვეყანაში აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მართული „ქართული ოცნების“ მიერ. ეს რუსულ მოდელს ჰგავს იმ გამონაკლისით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც არ მიიღო ამ პარტიის კონტროლის ქვეშ ცხოვრება.
ჩვენი საზოგადოება „რუსულ კანონს“ არა ერთხელ, არამედ ორჯერ დაუპირისპირდა. პირველად ერთი წლის წინ და მეორედ 2024 წელს, რადგან მმართველმა პარტიამ ეს კანონი ხელმეორედ წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხალხს დაჰპირდნენ, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. თუმცა ტყუილებთან ისინი კარგად მეგობრობენ. ეს ახლოსაა რუსულ სტილთან, რომ წარმოაჩინონ შავი თეთრად და თეთრი შავად. „ქართულ ოცნებას“ საქართველო თანდათანობით ამ მიმართულებით მიჰყავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს არ შეესაბამება.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, აქ საკითხი არ დგას ორ პარტიას შორის კონკურენციაზე და იმაზე, რომ ერთი პარტია მეორეს არჩევნების გაყალბებას აბრალებდა. ეს ნამდვილად იყო არჩევნების ორგანიზებული მიტაცება, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი”.