„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
„გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი უკრაინაზე აისახა”, – წერია განცხადებაში.
ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
„ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომლებსაც გლობალური ომის პარტიის კარნახითა და „დიფ სთეითის“ ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებობების პირებს უწესებენ”, – წერია განცხადებაში.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისთვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომლებიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არიან „დიფ სთეითის“ ქსელის წევრები, რომლებიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებენ.
ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს დააინიციირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც „ოცნების” პოლიტიკური საბჭოს თქმით, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. პოლიტსაბჭოს წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.