2024 წელი ქართული სპორტისა და განსაკუთრებით ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამოდგა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატებამ მთელი ქვეყანა მოიცვა. საბერძნეთთან ისტორიულ შეხვედრაში პენალტების სერიაში მოპოვებულმა გამარჯვებამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართული ჰიმნი პირველად ააჟღერა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრების დებიუტი ევროზე წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, პორტუგალიასთან, გამარჯვების შედეგად ნაკრებმა პლეიოფში თამაშის საგზურიც მოიპოვა, სადაც ევროპის მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან, ღირსეულად დამარცხდა.
2025 წელს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიფონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგის ბ დივიზიონის პლეიაუტში იბრძოლებს.
2024 წლის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2024 გაიმართა. 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ესპანური „ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი თეონა ბაქრაძე.
2024 წელი ასევე გამორჩეული იყო საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის. ირის ანტმანის შეგირდებმა ისტორიაში პირველად შეძლეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასვლა.
მნიშვნელოვანი წელი იყო კალათბურთშიც. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულმა დებიუტმა გუნდს ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მისცა. ნაკრების ახალი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის, ხელმძღვანელობით ქართველმა კალათბურთელებმა ოლიმპიური თამაშებისთვის იბრძოლეს, თუმცა საგზურის მოპოვება ვერ შეძლეს, ამის მიუხედავად, ნაკრებისთვის 2024 წელი პოზიტიურად დასრულდა. ფინეთთან ზედიზედ ორი გამარჯვების შედეგად ნაკრები ევრობასკეტ 2025-ს საგრძნობლად მიუახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ გასასვლელად საქართველოს ნაკრებს 2025 წლის თებერვალში დანიასთან საშინაო მატჩის მოგება სჭირდება…
საქართველოს ჩემპიონმა კალათბურთში, „ქუთაისი 2010-მა” ფიბა ევროპის თასზე იასპარეზა. კოტე ტუღუშის გუნდმა პლეიოფის საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა „ბალკანთან“, როგორც გასვლითი, ასევე საშინაო გამარჯვება იზეიმა და ევროტურნირზე გამოსვლაც მოგებით დაასრულა.
2024 წელი აღსანიშნავია ქალთა კალათბურთის განვითარების მხრივ გადადგმული ნაბიჯებით. 27 წლის შემდგომ ქართულ კალათბურთს ქალთა ნაკრები ჰყავს. ქართველმა გოგონებმა ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის მიიღეს მონაწილეობა.
2024 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები და პირველი ქართული „ფრენჩაიზი“ ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ჩაიბარა. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ შეძლო რაგბი ევროპის თასის მოგება და რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ტესტმატჩშიც გაიმარჯვა, „შავი ლომი“ კი რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონი გახდა და „ჩელენჯ ქაფზე” ვანსის წინააღმდეგაც მოიგო. „ჩელენჯ ქაფზე” გამოსვლას „შავი ლომი“ 2025 წელს გააგრძელებს, საქართველოს ნაკრები კი 2025 წლის თებერვალში „რაგბი ევროპის“ ტიტულის დაცვას ეცდება.
2024 წელი ისტორიული იყო ქართული ხელბურთისთვის. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. გერმანიაში ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმაც. ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს მოუგეს, თუმცა 5 შეხვედრა დათმეს და მეათე ადგილზე გავიდნენ. 2024 წელს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა „დინამო თბილისმა“, ქართულმა გუნდმა რამდენიმე შეხვედრაში ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა სეზონი გამარჯვების გარეშე დაასრულა და 2025 წლის იანვარში ევრო ქაფის პლეიოფში იასპარეზებს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის 2024 წელი განსაკუთრებული გამოდგა. UFC-ში ჩემპიონის ტიტული ორმა ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა. ილია თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ დაიცვა, მერაბ დვალიშვილი კი 2025 წლის 19 იანვარს უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.
მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა EAST VS WEST-ის შეჯიბრებაში ამერიკელი ჯერი კადორეტი ოთხივე რაუნდში დაამარცხა. ქართველმა ჰალკმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2024 წლის აპრილში დევონ ლარატის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შედეგად დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვა. მოლდოვაში ჩატარებულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
2024 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა პარიზის ოლიმპიური თამაშები იყო, რომელზეც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა გამოსვლა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პარიზის პარალიმპიურ თამაშებზეც. ქართველმა პარასპორტსმენებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რაც ჩვენი ქვეყნისთვის პარალიმპიურ თამაშებზე რეკორდული შედეგია.
2024 წელი გამორჩეული იყო ზამთრის სპორტშიც. 2023 წლის ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ საქართველო სათხილამურო ფედერაციის რუკაზე მოინიშნა და აქ რეგულარულად იგეგმება საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.
2024 წელს ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა, გუდაურში გაიმართა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში.
2025 წელი კი ზამთრის სპორტისთვის კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული იქნება, საქართველომ თებერვალში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს…