2024 – ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი წელი აღმოჩნდა.
წევრ სახელმწიფოებში, მემარჯვენე ძალების აღზევებამ ბლოკის ერთიანობა და მისი ძირითადი ღირებულებები გამოცადა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერის სიმტკიცეც.
ეკონომიკური არასტაბილურობის, მაღალი ფასების და არალეგალური მიგრაციის გარშემო არსებული მზარდი შეშფოთების გამო, მემარჯვენე და ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიების გავლენა არაერთ წევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მემარჯვენე ფრაქციები საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, ამომრჩევლების მოსაზიდად ევრო-სკეპტიკურ რიტორიკას იყენებდნენ. დიდი რეზონანსი მოჰყვა მემარჯვენე ძალების წინა-საარჩევნო კამპანიებს, რომლებიც ,,ეროვნული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაზე აპელირებდა.
ამიტომ, ანალიტიკოსები ევროპარლამენტის არჩევნებში – ცენტრისტული და ლიბერალური პარტიებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს წინასწარმეტყველებდნენ. შესაბამისად, 2024 წლის 6-9 ივნისს, ხმის მიცემა, ევროკავშირის საზღვრებს შიგნით, მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართა.
4-დღიანი ხმის მიცემის ფარგლებში 370-მა მილიონმა ევროკავშირის მოქალაქემ 720 ევროპარლამენტარი აირჩია. შედეგად, მემარჯვენე-ცენტრისტულმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ყველაზე მეტი, 188 მანდატი მოიპოვა და განამტკიცა საკუთარი უმრავლესობა ახალი მოწვევის ევროპარლამენტში.
ის იყო ერთადერთი ცენტრისტული პარტია, რომელმაც მეტი მხარდამჭერის მოზიდვა შეძლო. მეორე ადგილზე სოციალისტებისა და დემოკრატების ბლოკი გავიდა. მესამე ადგილი ლიბერალურმა „განაახლე ევროპამ’’ დაიკავა და საერთო ჯამში, ევროპის პარლამენტის სამი უდიდესი ჯგუფის გადანაწილება უცვლელი დარჩა.
მიუხედავად ცენტრისტული ბლოკის წარმატებისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ულტრამემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საფრანგეთში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების თითქმის მესამედი მოიპოვა, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სასარგებლოდ იკლო კანცლერის, ოლაფ შოლცის, პარტიისადმი მხარდაჭერამაც.
მსგავსი შედეგი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის პარტიასაც „იტალიის ძმები“, რომელმაც ხმების მეოთხედზე მეტი მოიპოვა.
შედეგად, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 162 მანდატი ორი ყველაზე მემარჯვენე პარტიის „კონსერვატორები და რეფორმისტებისა“ და „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრებმა დაიკავეს. მათთან ერთად ახალი მოწვევის ევროპარლამენტში არიან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და უნგრული მემარჯვენე პარტია „ფიდესის“ წევრებიც.
მიუხედავად ევრო-სკეპტიკურად განწყობილი ძალების აღზევებისა, 2024 წელს გაფართოება კვლავ ბლოკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩა. 25 ივნისს კი ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გადაწყვეტილება როგორც მისი ქვეყნისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის ,,ისტორიულად“ შეაფასა.
1-ელი დეკემბრიდან მუშაობას შეუდგა ახალი ევროკომისია. კოლეგიაში ყველაზე მეტი – 14 ადგილი – ევროკომისიის პრეზიდენტის მშობლიური პოლიტიკური გუნდის, მემარჯვენე-ცენტრისტული ,,ევროპის სახალხო პარტიის” წევრებმა დაიკავეს. 27 ევროკომისარს შორის, არის 2 ულტრა-კონსერვატორი პოლიტიკოსიც.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მემარჯვენე ევროკომისიაა.
უკრაინის მხარდაჭერა, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, გაფართოება და მიგრაციის მართვა – ეს ის პრიორიტეტებია, რომლებზე მუშაობის პირობასაც დებს ახალი ევროკომისია მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე ჯოზეპ ბორელი, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერმა, კაია კალასმა შეცვალა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და სლოვენიის ყოფილი ელჩი გერმანიასა და შვეიცარიაში, მარტა კოსი.
ხოლო, ევროკავშირის ისტორიაში ბლოკის თავდაცვის კომისრობის თანამდებობა, პირველად, ანდრიუს კუბილიუსმა დაიკავა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიაში ახალი პოზიციის შექმნის შესახებ თავდაპირველად წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი, როგორც პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების გამო. რაც ნიშნავს, რომ ბლოკი არღვევს მრავალწლიან ტრადიციას, შეასრულოს წმინდად სამშვიდობო პროექტის როლი.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იგი საკუთარ როლს, ნატოსთან კონკურენციაში მყოფ პოზიციად არ აღიქვამს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სამხედრო მეთაურები არ ეყოლება, ბლოკს ფინანსების უზრუნველსაყოფად მეტი ინსტრუმენტი აქვს, რომელთაც სამხედრო ალიანსი არ ფლობს.
2024 წლის განმავლობაში ევროკავშირი სხვადასხვა გზებით განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, თებერვალში, ბლოკმა ერთხმად დაამტკიცა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 2027 წლამდე იმოქმედებს.
ოქტომბრისთვის კი უკრაინისთვის, წევრი ქვეყნების მიერ გაწეულმა ერთობლივმა მხარდაჭერამ თითქმის 122 ევროს მიაღწია, რაც სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოიცავს. ამავდროულად, წლის განმავლობაში ბლოკმა გააძლიერა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გაერთიანების მიერ მიღებული ზომები, დიდწილად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას და სანქციების თავიდან აცილებაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.
წევრ ქვეყნებში მემარჯვენე ძალების აღორძინების, არალეგალურ მიგრაციასა და უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული შიდა დაპირისპირების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ევროკავშირის ერთობა კვლავ არაერთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდება.
ამავდროულად, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დამატებით გაურკვევლობას მატებს დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში. განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის და უკრაინის ერთობლივი მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ამასთან ერთად, კვლავ ბუნდოვანია, შეინარჩუნებს თუ არა ევროკავშირი საკუთარ როლს როგორც სამშვიდობო პროექტი – თუ დაიწყებს მზადებას იმისთვის, რომ დიდი ხარჯები გასწიოს ახალი თავდაცვის სისტემის შემუშავებისთვის და პოტენციურად, ერთიანი სამხედრო ძალის შესაქმნელად.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის თუ რამდენად შეძლებს გაერთიანება გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს და გარე ძალების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მისი მომავალი ტრაექტორიის ჩამოყალიბებასა და გლობალურ სცენაზე პოზიციის შენარჩუნებაში.