მთავარისაქართველოასობით ბიზნესის უარი მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებს

ასობით ბიზნესის უარი მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებს

საახალწლო ბაზრობები ყოველ წელს ეწყობა საქართველოში. ასეთი ბაზრობა განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს მათ თავიანთი ნახელავისა თუ მონაგრის ხალხთან გატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ.

წელს მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე 300-მდე ბიზნესი აცხადებს უარს. მათ შორის ერთ-ერთია „ბაბალე“ – სოციალური საწარმო, რომელიც თითქმის ათი წელია, საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან ერთად საახალწლო მორთულობასა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.

„გვყავს უკანონოდ დაპატიმრებული და ნაცემი ადამიანები. არავის გვეზეიმება. ნამდვილად არ არის განწყობა, რომ გარეთ გავიდეთ, მით უმეტეს, სამთავრობო ღონისძიებებში ჩავერთოთ და ამ ღონისძიებებს მხარი დავუჭიროთ. უარი ვთქვით ყველა იმ შემოთავაზებაზე, რომლებიც სამთავრობო ინსტიტუციებიდან მოდიოდა. წლებია წინა საახალწლოდ კორპორაციულ სასაჩუქრე შეკვეთებს ვამზადებთ ხოლმე. პარლამენტს, თბილისის მერიას ან სხვა უწყებებს არაერთხელ გაუჩუქებიათ ჩვენთან შეძენილი საჩუქრები. წელს, რა თქმა უნდა, ამაზეც უარი ვუთხარით ყველას. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ფინანსურად გვაზიანებს, თუმცა მორალურად მართლები ვართ და ჩვენთვის მთავარი ამ სიტუაციაში ღირსების შენარჩუნებაა. არაფრისგან იშვა „ბაბალე“ და დღეს უკვე ძალიან ბევრი რამე აქვს – უკან მოტოვებული ათი წელი და უზარმაზარი გამოცდილება. არ მეშინია. ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფერს დავძლევთ“, – ამბობს ლია ტაბატაძე, „ბაბალეს“ დამფუძნებელი და დირექტორი.

საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი თქვა საოჯახო კომპანია „ბადიშმაც“, რომელიც მომხმარებლებს გურულ საკმაზ-სანელებლებს, ტყემალს, აჯიკასა და სოფლის პროდუქტებს სთავაზობს.

„აჯიკასა და ტყემალს საახალწლოდ ბევრი ყიდულობს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემოსავლის მიღება და საკუთარი თავის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა შეგვეძლო, თუმცა ჩვენთვის მთავარი მაინც ევროპული მომავალია. თბილისში სხვადასხვა ადგილზე მასტერკლასები უნდა ჩამეტარებინა, თუმცა საახალწლო გამოფენასთან ერთად ამაზეც უარი ვთქვი“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე, „ბადიშის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

იმ ბიზნესებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, სასტუმრო „შოთა რუსთაველმა“ დაუთმო  რესტორნის ტერასა. 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე აქ თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს იმ მეწარმეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოწვეული ფინანსური ზიანი უმნიშვნელოა, იმასთან შედარებით, რის დაცვასაც თავიანთი პროტესტით ცდილობენ.

„ჩვენი ბიზნესის ისტორია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება. ბევრი პროექტი მათი გრანტების დახმარებით განვახორციელეთ. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროპული კურსი და დარჩეს კონსტიტუციისა და მისი 78-ე მუხლის ერთგული. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არანაირად აღარ ვითანამშრომლოთ მთავრობასა და სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, არალეგიტიმურია“, – ამბობს ნინო თიგიშვილი, „თიგის სახლის“ დამფუძნებელი.

„წინასაახალწლო პერიოდი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით კი, სოციალური მეწარმეებისთვის, ძალიან აქტიური პერიოდია. ფაქტობრივად, ეს არის თვე, როდესაც ყველაზე მაღალი გაყიდვებია. ფინანსურად ეს პერიოდი ყველაზე მომგებიანია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი გვეთქვა სხვადასხვა საშობაო გამოფენაში მონაწილეობაზე. და დღეს აქაც იმიტომ ვართ წარმოდგენილი, რომ ეს სივრცე არის ჭიჭინაძის ქუჩაზე, რუსთაველთან ახლოს, იმ პროტესტთან ახლოს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ვდგავართ. შეიძლება დღეს ფინანსურად ძალიან ვზარალდებით, თუმცა ვიაზრებთ, თუ რა ღირებულება დგას საპირწონედ და რა არის დღეს ჩვენთვის პრიორიტეტული“, – აღნიშნავს სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი და სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკის“ დამფუძნებელი.

„ხელისუფლებისგან, რომელსაც არ ვცნობ, და არ ცნობს ასობით ათასი ადამიანი, და იმის გამო, რომ არ ვცნობთ, გვისწორდებიან, გვცემენ, ციხეში გვსვამენ, არღვევენ ადამიანის უფლებებს, არაფერი „ფსევდო კეთილი“, „საყვარლობა“ და „საახალწლო“ არ მინდა, რადგან ამ სიკეთის უკან დიდი ბოროტება და უსამართლობა იმალება“, – ამბობს Ketsynapses-ის დამფუძნებელი, მხატვარი ქეთი ბზიკაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend