მთავარისაქართველოსახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომელი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომელი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

იუსტიციის სამინისტროს თბილისის მერიისა და სამინისტროს ათეულობით თანამშრომელი 2025 წლის პირველი იანვრიდან სამსახურის გარეშე დარჩა. მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ დამსაქმებლებმა მათთან თანამშრომლობა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო შეწყვიტეს.

“ეს არის ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელებული რეპრესია, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკურ შეხედულებას საუბარია გამოხმაურებაზე, რომლითაც მოვუწოდებდით სახელმწიფოს, რომ არ შეეჩერებინა კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროინტეგრაცია. მეტიც, ჩვენ მხოლოდ პროფესიული გამოხმაურება გვქონდა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით რისკებზე, რომლებიც ამ პროგრამას შეიძლება შეჰქმნოდა ამ გადაწყვეტილებით”, – ამბობს გიორგი აბულაძე განრიდებისა და მედიაციის პროგრამის უკვე ყოფილი მედიატორი.

გიორგი აბულაძე იმ თანამშრომლებს შორის იყო, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას პეტიციაზე ხელმოწერით გაემიჯნა.

“გაგვათავისუფლეს განცხადების სამი ხელმომწერი თანამშრომელი. მე ასევე სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ და სააგენტოში მინდოდა პრაქტიკის გავლა. თავიდან ჩვეულებრივ დავიწყე პრაქტიკა, მაგრამ ამ განცხადების მერე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დროებით უნდა შემეწყვიტა და უკვე 25-ში მითხრეს, რომ ვეღარ შევძლებდი. საინტერესო ის არის, რომ ჩემი კურსელი რომელიც ასევე სააგენტოში გადის პრაქტიკებს, ჩემზე გვიან მივიდა და ჩვეულებრივად აგრძელებს. მე კი ეს შესაძლებლობაც შემიზღუდეს”, – ამბობს აბულაძე.

სოფიო აბულაძე პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – არ ყოფილა არანაირი არგუმენტი საფუძვლის გარეშე მოხდა ჩემი გათავისუფლება.

მსგავს ამბავს ჰყვება სოფიო აბულაძეც პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც ამ უწყებაში წელიწადი და ოთხი თვე იმუშავა.

“ისინი ყოველწლიურად აახლებდნენ ხელშეკრულებებს ამიტომ ცხადია, მქონდა მოლოდინი, რომ უნდა გამგრძელებოდა ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, გათავისუფლების რეალური მიზეზი არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და პეტიციაზე ხელმოწერა, რომლითაც ფსიქოლოგები გაემიჯნნენ კობახიძის განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ეს არის ზუსტად რეპრესიები, რომლებიც დღეს ხდება არამარტო ჩემს სამსახურში, არამედ სხვა უწყებებშიც” – ამბობს სოფიო აბულაძე.

დაიწყო უკვე მასობრივი რეპრესიები და გაშვებები მოვიდა წლის ბოლო და რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე დღეს შეუჩერეს ხელშეკრულებები, ფაქტობრივად ახსნა განმარტებები არ არის რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და მათ უმეტესობა იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მერია არის ერთ -ერთი ის უწყება სადაც საათში ერთხელ უშვებენ თანამშრომლებს”, – ამბობს 25 დეკემბერს სამსახურიდან გათავისუფლებული მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ყოფილი აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც გაემიჯნა“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და საჯარო მოხელეების მარშშიც მონაწილეობდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულთა მხარდასაჭერად თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახლად დაფუძნებული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, გათავისუფლებულთა უფლებების სასამართლოს გზით დაცვის პარალელურად  გათავისუფლების იმ მასშტაბებზე საუბრობს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეეხო.

„პირველ რიგში ვაპირებთ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ფაქტობრივად არც მალავენ, რომ ვინც ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა, მათზე გავრცელდა ეს გათავისუფლება”, – ამბობს კახი სამხარაძე – საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ თავმჯდომარე

“მთავარი მიზეზი, რაც მათ უთხრეს, ეს იყო ხელშეკრულების ვადის გასვლა. მაგრამ ვადის გასვლა არ არის საკმარისი საფუძველი, თუკი თქვენ, მაგალითად, 30 თვე უწყვეტად იმუშავეთ, არ არის ეს საკმარისი კანონიერი საფუძველი გათავისუფლებისთვის”, – ამბობს თეო ზაქარაშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი. მისი შეფასებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ქართული ოცნების მიერ 2024 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამარტივდა, რაც საჯარო მოხელეების უფლებებს ლახავს.

“ამ ცვლილებების შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რეპრესიული მექანიზმი, რადგან დაცვის ყველა მექანიზმი, რაც წინა კანონს ჰქონდა, იმდენად არის გაუარესებული, რომ არავითარი სოციალური დაცვის გარანტიები და სამართლებრივი ბერკეტები აღარ რჩება, ამ ადამიანების დასაცავად”, – ამბობს ზაქარაშვილი.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. უფლებადამცველების ცნობით, საუბარია ათეულობით ადამიანზე, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend