მთავარიგადაცემებიExploreორაგულიდან საკემდე - იაპონიის ნიიგატის პრეფექტურაში ეკოლოგიურად ჯანსაღ საკვებს ირჩევენ

ორაგულიდან საკემდე – იაპონიის ნიიგატის პრეფექტურაში ეკოლოგიურად ჯანსაღ საკვებს ირჩევენ

იაპონიის ნიიგატის პრეფექტურა ორაგულით, ბრინჯითა და საკეთი არის ცნობილი. ევრონიუსმა გადაწყვიტა, საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ აწარმოებენ სახელგანთქმულ ჯანსაღ პროდუქტს და ამისთვის ნიიგატას ესტუმრა.

ნიიგატის პრეფექტურაში სტუმრობის  ერთ-ერთი საუკეთესო დრო ორაგულის სეზონია. ამ დროს მდინარის სანაპიროსთან  მცხოვრები  მოსახლეობა ძალიან გამოცოცხლებულია. ნიიგატა მთელ იაპონიაშია ცნობილი თავისი გამორჩეულად გემრიელი პროდუქტით, მათ შორის ორაგულით, ბრინჯითა და საკეთი. და მეც, პირველ რიგში, სწორედ მის ეკოლოგიურ  სამზარეულოსა და სასმელის წარმოების  კულტურას გავეცნობი.

ჩემი მოგზაურობა ქალაქ მურაკამიში მდინარე ოკავის  ნაპირზე იწყება.

ოქტომბერში ეს მდინარე ქვირითობისთვის მოსული ორაგულის სავანე ხდება  და მეთევზეები მათზე პრიმიტიული მეთოდით თევზაობენ. ყოველ სეზონზე თევზაობისთვის მდინარეზე   ხის ხარაჩოებს ხელახლა აგებენ და შემდეგ შლიან, რათა გარემო დაიცვან. ორაგული მურაკამის თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია.

ხშირად ამ ქალაქს ორაგულის ქალაქსაც უწოდებენ.

ისტორიის განმავლობაში მურაკამიში ორაგულის კულტურა რამდენჯერმე გაქრა. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა,  ამ კულტურის შენარჩუნებისთვის იღწვის. შინჯი კიკავა და მისი ოჯახის წევრებიც მათ შორის არიან.

მურაკამიში კიკავას ოჯახის 15 თაობა ცხოვრობდა და ტრადიციულად საკეს გამოხდით იყო დაკავებული. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ოჯახმა ორაგულის რეწვასაც მიჰყო ხელი, როდესაც მურაკამიში კვების დასავლურმა კულტურამ დაიწყო ფეხის მოკიდება. ისინი ორაგულის გამოყვანის ტრადიციულ მეთოდს იყენებენ – თევზს მხოლოდ ზღვის მარილით ამუშავებენ და იაპონიის ზღვიდან მონაბერ ქარზე აშრობენ.

კიკავა შინჯი,  Sennensake Kikkawa-ის მფლობელი: „მურაკამიში ორაგულის მომზადება ნამდვილად განსაკუთრებული კულტურაა, რომლის მსგავსსაც ვერსად ნახავთ იაპონიაში და მთელ მსოფლიოშიც. ჩვენ ძალიან გვინდა ამ კულტურის შენარჩუნება“.

თევზს გამოსაყვანად ჭერზე კიდებენ და ერთი თვიდან ერთ წლამდე აჩერებენ. პროდუქტს სრულად იყენებენ და არაფერს აგდებენ. მურაკამის სახელგანთქმული ორაგულის კერძების გასასინჯად ბატონი კიკავას რესტორანს ვესტუმრე.

მურაკამიში ორაგულისგან 100-ზე მეტ კერძს ამზადებენ. ამ რესტორანში 22 დასახელების კერძია წარმოდგენილი.

შეწვის დროს თევზის კანი ხვეულასავით იბრაწება, ფარფლები ჩიფსივით ხრაშუნა ხდება. თევზის შიგნეულსაც კი შესანიშნავად ამზადებენ და ამაყად გაჩვენებენ. ბოლო კერძი, რომელიც გავსინჯე, იყო ნიიგატის სახელგანთქმულ საკეში ჩადებული ორაგული.

ნიიგატა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიძლება ითქვას, საკეს გამოსახდელად არის შექმნილი. აქ კამკამა მთის წყალი რწყავს იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ბრინჯის ყანას.

მე ქალაქ ნაგაოკაში  საკეს ყველაზე დიდი  სახარში ქარხნისკენ მივემართები, რომელსაც ასაჰიშუზო (Asahi-Shuzo) ჰქვია. აქ ვაპირებ გავარკვიო, თუ რატომ უყვართ აქაური საკე ასე ძალიან მთელ მსოფლიოში. ჩემდა გასაკვირად, საკეს ოსტატმა, პირველ რიგში, პარკში გასეირნება შემომთავაზა.

იამაგა  მოტოიოში, Asahi-Shuzo Sake Brewing Co.-ის საკეს ოსტატი: „საკეს გამოხდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც იხდება. საკე წყლითა და ბრინჯით მზადდება, შესაბამისად, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია.  იმიტომ ვრგავთ ხეებს, რათა სუფთა წყალი ყოველთვის გვქონდეს.“

მთელი  ბაღი, რომელიც საკეს სახდელ საწარმოს გადაჰყურებს, ამ კომპანიის წარმომადგენლების გაშენებულია, რათა საკეს წარმოებას მყარი საძირკველი ჰქონდეს. საკეს საწარმოს დათვალიერების დროს ვნახე, თუ როგორი შრომატევადია თითოეული ბოთლის ჩამოსხმა.

დანადგარების გამოყენება დღეს ჩვეულებრივი სტანდარტია, თუმცა ადამიანის ოსტატობა მაინც გადამწყვეტი ფაქტორია. ბატონ მოტოიოშს 30 წელი დასჭირდა, რათა ოსტატი ანუ ტოჯი  გამხდარიყო. მას ფერმენტაციისთვის აუცილებელი ბრინჯის მასის, იმავე კოჯის ხელში მოსრესითაც შეუძლია თქვას, კარგი გამოვა თუ არა საკე. ბრინჯის დამუშავების სხვადასხვა მეთოდის, საფუარისა და არომატის მეშვეობით, კომპანია  ასაჰიშუზოს (Asahi-Shuzo) მრავალი სახეობის საკეს გამოხდა შეუძლია.

ჩემი კუთვნილი ორაგულისა და საკეს ულუფის მიღების შემდეგ ნიიგატის 144 ბუნებრივი სამკურნალო წყლებიდან ერთ-ერთის აბაზანის მისაღებად გავემართე. მას ონსენს უწოდებენ და იქიდან თვალწარმტაცი ზღვის ხედი იშლება.

ბუნება ნიიგატის ძარღვებში სისხლივით მიედინება და აქაური მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი მაჯისცემა არ შეწყდეს.

ავტორი: ანკა ულეა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend