„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წარადგინა კიდევ ერთი ანგარიში, რომელშიც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული.
საიას იურისტების განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა საქმეების განხილვას პროკურატურა და სასამართლო კოორდინირებულად აჭიანურებენ.
საიას ანგარიშში ასევე წერია, რომ აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები სათანადოდ არ გამოიძიეს და პასუხისმგებელი პირები არ გამოავლინეს.
„ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორისაა: 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიასა და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.
საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც „რუსული კანონის“ პროტესტის და ასევე არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
მიმდინარე მოვლენების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში“, – წერია ანგარიშში.