მთავარიგადაცემებიEuropean Storiesროგორ უნდა გადაჭრას ევროკავშირმა „ტვინის გადინების“ პრობლემა?

როგორ უნდა გადაჭრას ევროკავშირმა „ტვინის გადინების“ პრობლემა?

ე.წ. ტვინის გადინების პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, პორტუგალიას უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამ პრობლემის სიღრმეში ჩახედვა და მისი გრძელვადიანი შედეგების გაანალიზება ევრონიუსის ჟურნალისტმა ხულიან ლოპესმა სცადა და პორტუგალიაში ჩავიდა.

ტვინის გადინება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი ტოვებს სამშობლოს უფრო მაღალი ანაზღაურების ან შრომისა და ცხოვრების უკეთესი პირობების მიღების მიზნით. ის ქვეყნები, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე განათლებულ მუშახელს იღებს, აყვავების გზაზე დგანან. მაგრამ საინტერესოა, რა ბედი ელის იმ რეგიონებს, რომლებსაც ეს მუშახელი ტოვებს? ეს რეგიონები თანდათან ემსგავსებიან ადგილს, რომელსაც ტალანტების ხაფანგს უწოდებენ. კვალიფიცირებული ადამიანი იქ ჭკნება. პროდუქტიულობა მცირდება, უმაღლესი განათლების მაჯისცემა ნელდება. დემოგრაფია იკლებს. ასეთი ქვეყანა ემსგავსება ჩიხს, რომელიც აიძულებს ახალგაზრდებს, რომ წასვლაზე იფიქრონ.

ევროკომისიის მიხედვით, ასეთ მდგომარეობაშია 82 რეგიონი, რომლებშიც  ევროკავშირის მოსახლეობის დაახლოებით 30  პროცენტი ცხოვრობს. ამ პრობლემის თვალსაჩინო მაგალითია პორტუგალია – და გამოსავლის მოძებნას ცდილობენ. ახალგაზრდა პორტუგალიელების 30% უცხოეთში ცხოვრობს. მიგრანტი პორტუგალიელების 70 პროცენტი 40 წლისაც არ არის. ახალგაზრდა კვალიფიციური კადრი რომ არსად წავიდეს, პორტუგალიის მთავრობამ აამოქმედა საგადასახადო გეგმა, რომელიც 18-იდან 35 წლამდე ახალგაზრდებს გადასახადებს უმცირებს.

აქაური მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა დაახლოებით 40 ათას ახალგაზრდას შეეხება. თუმცა ამ გეგმამ წასვლა ვერ გადააფიქრებინა კონსტანცასა და ჟუანის მსგავს ახალგაზრდებს.

ორივე განათლებით იურისტია. ისინი სახლს ეძებენ დასაქირავებლად 14 ათასი კილომეტრით შორს – ისინი აღმოსავლეთ ტიმორში მიდიან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 25 წლის ადვოკატმა კონსტანცამ ახალი სამსახური იპოვა იურიდიულ ფირმაში, რომელიც გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე პორტუგალიაშია.

“უკეთეს პირობებს მთავაზობენ, მეხმარებიან სახლისა და მანქანის დაქირავებაშიც, გაცილებით მეტს მიხდიან, ვიდრე აქ, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩემი მსყიდველუნარიანობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თუკი, მაგალითად, ერთსაძინებლიან ბინაში მოვინდომებდი აქ ცხოვრებას,“ – ამბობს კონსტანცა ტეიშეირა,  იურისტი

მრავალი სხვა ახალგაზრდის მსგავსად, კონსტანცა და ჟუანი პორტუგალიას უყურებენ როგორც ადგილს, სადაც მუდმივად უმუშევრობაა, ხელფასები დაბალია, გადასახადები მაღალი, სახლის ყიდვა შეუძლებელი, ხოლო სამუშაო პირობები – ცუდი.

“ჩემს სფეროშიც კი ძალიან დიდია ტვინის გადინება,“ – განმარტავს კონსტანცა. „არ მინდა, ამას მონობა ვუწოდო, მაგრამ აქ სამსახურში აშკარად დიდი წნეხია, სამუშაო საათები გრძელია, დასვენება – ხანმოკლე. ეჭვგარეშეა, რომ ეს ფაქტორი აიძულებს მრავალ ახალგაზრდას დატოვოს პორტუგალია“.

“იმედგაცრუების გარდა, რომლის დაძლევასაც უკვე ვიწყებთ, ჩვენს თაობას სიბრაზის განცდა აქვს,“ – ამბობს ჟუან ფროიდენტალი, მრჩეველი სპორტის საკითხებში. „მე ვდარდობ, რადგან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მართლა მიყვარს. პირადად მე, რომ არა ასეთი მდგომარეობა და  გამოცდილება რაც მივიღე, არ წავიდოდი“.

ჟუანი ამჟამად გერმანულ კომპანიაში მუშაობს და მოუწევს უარი თქვას როგორც ამ სამსახურზე, ისე რაგბის მწვრთნელობაზე, რომელიც ბავშვობიდან მისი გატაცებაა.

“რა თქმა უნდა, მომენატრება აქაურობა. მაგრამ, როგორც ყოველთვის ცხოვრებაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღო, უარი უნდა თქვა მოკლევადიან რაღაცებზე, რომ გრძელვადიან მიზნებს მიაღწიო“ – ამბობს ჟუანი.

ჟუანის მამას მიგელ ფროიდენტალის, რომელიც  ერთ დროს თავადაც მიგრანტი იყო და გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა, ესმის თავისი შვილის. იგი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალი აფიქრებს.

მიგელ ფროიდენტალი, უძრავი ქონების კონსულტანტი:

“უცხოეთში ვუშვებთ ძალიან მცოდნე ხალხს და სანაცვლოდ ქვეყანაში ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ხალხი შემოგვყავს. ეს ძალიან სახიფათოა. მხოლოდ ჟუანისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის სახიფათოა. მე მგონია, რომ ეს საშინელებაა. საზოგადოებამ, ეკონომიკამ და სხვა ყველაფერმა  განვითარება რომ არ შეწყვიტოს, ისეთი ხალხი გვჭირდება, რომელსაც შეუძლია იფიქროს და რომელიც კარგი მენეჯერი, მეცნიერი ან კულტურის მუშაკია“.

ახალგაზრდების გადინება ახალგაზრდა წყვილისა და მათი მეგობრების მუდმივი სასაუბრო თემაა. მარიანა ლოპესი მენეჯერია. მისი და ესპანეთშია წასული სამუშაოდ.

“პორტუგალიაში დღესდღეობით დაბალი დონეა,“ -ამბობს მარიანა. „მაგალითად, ჩემს შემთხვევას თუ ავიღებთ, პირადად მე ემიგრაციაში არ წავსულვარ, მაგრამ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება. მე ისევ მშობლების სახლში ვცხოვრობ“.

“ჩვენი მეგობრებიდან ყველას მოუწია საკუთარი თავისთვის ეს კითხვა დაესვა…“ – განმარტავს კონსტანცა. „ნებისმიერი მათგანის ოჯახიდან ვიღაც არის საზღვარგარეთ წასული –  ბიძაშვილი, ან ბიძა, ამიტომ წასვლა აღარავის უკვირს. ჩვენი მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის სოციალური უსაფრთხოებისა და რეფორმების კუთხით. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ ზომები მიიღოს, თუ ეს საკითხი სათანადოდ არ მოგვარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ის უამრავ პრობლემას გამოიწვევს“.

ტვინის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ გადაჭრან, ევროკავშირის რეგიონები, წევრი ქვეყნები და ევროკომისია ჩართული არიან ისეთ ინიციატივაში, როგორიცაა „ტალანტების წახალისების მექანიზმი.“ ამ ინიციატივას უკვე შედეგიც მოჰყვა. 2025 წლის ბოლომდე ალენტეჟუს  რეგიონში მდებარე ქალაქ ევორაში მშენებარე საავადმყოფო დაახლოებით 500 საწოლს შესთავაზებს ქალაქს. ამ პროექტში ჩადებული 200 მილიონი ევროს მოცულობის საწყისი ინვესტიციის მიზანი  ნახევარმილიონიანი მოსახლეობისთვის მხოლოდ ჯანდაცვის  გაუმჯობესება არ არის. მისი მიზანი თანამშრომლების გადამზადება და შენარჩუნებაც არის ჯანდაცვის სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა ტვინის გადინების პრობლემამ. არსებობს პროგნოზი, რომ 2080 წლისთვის ამ რეგიონის მოსახლეობა 30 პროცენტით შემცირდება. ტიაგო პერეირა პროექტ „ტალანტების წახალისების მექანიზმის“ აქაური კოორდინატორია.

ტიაგო პერეირა, რეგიონული პროგრამა „ალენტეჟუ 2030“-ის წარმომადგენელი:

“დემოგრაფიული პრობლემების გამო ტალანტების გადინება ორმაგად გაიზარდა, რადგან ძალიან ცოტა კვალიფიციურ ახალგაზრდას ვამზადებთ და, შესაბამისად,  ჩვენი კონკურენტუნარიანობა მცირეა. ამის გამო   ჩვენ რეგიონში ძალიან ცოტა ნიჭიერი ახალგაზრდის შენარჩუნება შევძელით. არსებული გათვლების მიხედვით, 2030 წლისთვის ალენტეჟუს რეგიონი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტების 20 პროცენტს დაკარგავს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კადრები და ამიტომ ვაშენებთ ამ რეგიონში ასეთ ინფრასტრუქტურას, რომლის გვერდით სამედიცინო სასწავლებელიც აშენდება. ორივე არსებითი ფაქტორია კადრების შენარჩუნების კუთხით. მომავალი წლის ბოლოს, როდესაც ეს საავადმყოფო დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ აქ დასაქმდებიან ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალები, რომლებიც ახლა  არ გვყავს და ხალხი ჩვენთან ჩამოვა. ვაპირებთ სპეციალიზებული ტექნიკური პერსონალის მომზადებასაც, რომელიც არ გვყავს და ამის მერე გადამზადების კომპონენტიც ამოქმედდება, რომელიც ასევე არ გვქონია აქამდე. ასე რომ, ამ კონკრეტულ სექტორში მომავალი ორი-სამი წლის შემდეგ ხალხი რეალურ შედეგებს დაინახავს“.

ამ პროექტის ბიუჯეტის დაახლოებით ერთი მეოთხედი ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეგიონული, ეროვნული და ევროპული ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საავადმყოფო და სამედიცინო სასწავლებელი დაახლოებით 2000 მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის.

ავტორი: ხულიან გომეს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend