მოლდოვაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. უკვე ოფიციალურად, მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა. ფიცის დადებისას მან განაცხადა, რომ ბოლო წლების კრიზისისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მოლდოვამ შეძლო, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დაეცვა დემოკრატია. მაია სანდუმ თქვა ისიც, რომ მუშაობას კიდევ უფრო დიდი ენერგიითა და სულისკვეთებით განაგრძობს.
პროდასავლელმა სანდუმ ნოემბერში არჩევნების მეორე ტურში პრორუსი ოპონენტი, ალექსანდრ სტოიანოგლო დაამარცხა და ხმათა 55%-ზე მეტით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. იგი მოლდოვის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ პირდაპირი კენჭისყრით აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს კი, ქვეყნის ევროკავშირის გაწევრების მოლაპარაკებები გაიხსნა.