მთავარიგადაცემებიEurope Decodedგააძლიერებს თუ არა ციფრული ევრო ფინანსურ უსაფრთხოებას?

გააძლიერებს თუ არა ციფრული ევრო ფინანსურ უსაფრთხოებას?

ევროპის ცენტრალური ბანკი ანგარიშსწორების ახალ მეთოდს იკვლევს – ციფრულ ევროს.  თუმცა ისმის კითხვა – მაინც რამდენად აუცილებელია ონლაინანგარიშსწორების ალტერნატიული გზა, ან ხომ არ აისახება უარყოფითად საბანკო სისტემაზე?  ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსმა“ სცადა. 

ციფრული და ონლაინანგარიშსწორება ევროპის მომხმარებლისთვის უკვე ნორმად იქცა. თუმცა ანგარიშსწორების კიდევ ერთ მეთოდზე – „ციფრულ ევროზეც“ საუბრობენ. მაგრამ, ნამდვილად გვჭირდება კი ეს მეთოდი? ან რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და როგორ მუშაობს იგი? ამ კითხვებზე უკვე მსჯელობენ კანონმდებლები და ბანკირები.

2019-2022 წლებში ნაღდი ანგარიშსწორების მაჩვენებელი მთლიან გადახდებში 72-იდან 59 პროცენტამდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ ელექტრონული ფულით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 4. 6 მილიარდიდან 8.4 მილიარდ ევრომდე ავიდა. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი ციფრული ევრო ხელმისაწვდომი იქნება დასამუხტი ბარათის,  ციფრული საფულისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ციფრულ ევროში ანგარიშის გახსნა შესაძლებელი იქნება ბანკში, ფოსტაში ან ონლაინპლატფორმაზე. მაგრამ საკითხავია, რამდენად უნდა ხალხს მისი გამოყენება? ამ კითხვაზე პასუხი ბრიუსელის,

„მე ნამდვილად ვიყენებ ციფრულ ანგარიშსწორებას, რადგან ეს უფრო მარტივია, არ მჭირდება თან ნაღდი ფულის ტარება, პირდაპირ ტელეფონით ვიხდი, ეს უფრო პრაქტიკული და სწრაფია,“ – გვითხრა ბრიუსელის ქუჩაში ახალგაზრდა კაცმა.

„რაც შეეხება ციფრულ ვალუტას… უნდა აღვნიშნო, რომ ბარათის დროებით დაბლოკვა დამჭირდა რამდენჯერმე, რადგან ჩემი ანგარიშის  გატეხა სცადეს, რის გამოც, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული ვარ. თავს მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, თუმცა დასაშვებია“, -ამბობს ქალი ლისაბონში.

ციფრული ევროს საკითხი ევროპის ცენტრალური ბანკის გარდა ევროპარლამენტშიც განიხილება და ამ საკითხში ჩართულია დამიან ბიოზელაგერი,  ეკონომიკისა და მონეტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

„მე ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. ეს ბრწყინვალე ინოვაციაა, თუ დაფიქრდები. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ანგარიშსწორების ციფრულ არხებს ნებისმიერი ნივთის შეძენის დროს და უკვე ძალიან ვართ დამოკიდებული, მაგალითად, ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა Apple Pay თუ სხვა მსგავსი, რომლებიც, თავის მხრივ, ეყრდნობიან საკრედიტო ბარათებით გადახდის პროვაიდერებს“, – განმარტავს იგი.

კერძო ბანკები სკეპტიკურად არიან განწყობილი

მოდი, ვნახოთ ამ ინიციატივის როგორც კარგი, ისე ცუდი მხარეები. დადებით მხარედ მიიჩნევენ, რომ ციფრული ევრო ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის – მათთვისაც, ვისაც არ აქვს საბანკო ანგარიში ან ინტერნეტზე წვდომა. პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობის კუთხით კი რისკს ხედავენ, თუმცა  ევროპის ცენტრალური ბანკი ამტკიცებს, რომ ის ვერ შეძლებს გადახდის სტერეოტიპის დადგენას. რაც შეეხება თაღლითობასა და ფულის გათეთრებას, ამის მიკვლევა გაჭირდება. თუ ციფრული ევრო ძალიან წარმატებული გამოდგა, ბანკებმა შესაძლოა დეპოზიტები დაკარგონ და ვეღარ შეძლონ ფულის გასესხება.

„ევროპული ბანკები სკეპტიკურად არიან განწყობილი დამატებითი ღირებულების შექმნის საკითხის მიმართ ამ ინიციატივიდან გამომდინარე,“ – ამბობს პაულა  სოლერი, ევრონიუსის რეპორტიორი, რომელიც ციფრული ევროს საკითხზე მუშაობს. „ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჯერ არ ვიცით, რა დაჯდება ეს პროექტი მთლიანად. არ ვიცით, ზუსტად რა ინფრასტრუქტურა უნდა გამოვიყენოთ ამ პროექტისთვის. და კიდევ იმიტომ, რომ ბანკებს ეშინიათ, არ დაკარგონ გარკვეული საბანკო დეპოზიტები. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ ცდილობს, ციფრული ევრო მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშსწორების მეთოდი იყოს, ის არ არის ჩაფიქრებული, როგორც დიდი რაოდენობით ფულის ანაბარზე განთავსების საშუალება.“

ციფრულმა ევრომ, შესაძლოა, გააძლიეროს ევროპის ფინანსური სუვერენიტეტი, თუმცა რის ფასად? ასეა თუ ისე, ეს მექანიზმი მალე არ ამოქმედდება, თუ საერთოდ ამოქმედდა.  ნებისმიერი კანონის დამტკიცებას, რომელიც ბრიუსელთან და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს, 2-3 წელი სჭირდება

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend