მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯია

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე, ანტიქართულს უწოდებს.

როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ რეკომენდაციას არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ის ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ირაკლი კობახიძემ კითხვაზე – ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ხელისუფლება რაიმე საპასუხო ნაბიჯის გადადგმას ფიქრობს, თუ არა, განაცხადა, რომ ეს არის მარტივი პროვოკაცია და ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ აპირებენ მარტივ პროვოკაციებზე წამოგებას. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. იცით, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ასეთი გადაწყვეტილების შედეგია, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც სერიოზული პრობლემაა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend