მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მთავრობას პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის უძლიერესი ეკონომიკის მქონე და მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში 16 დეკემბერს გაიმართა. ბუნდესტაგში 733 დეპუტატიდან ოლაფ შოლცს მხარი მხოლოდ 207-მა დეპუტატმა დაუჭირა, 394-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 116-მა თავი შეიკავა. უმრავლესობისთვის საჭირო იყო 367 ხმა.

ოლაფ შოლცის სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 6 ნოემბერს მან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან ლინდნერი. მაშინ შოლცმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა ამის თავიდან ასაცილებლად, თუმცა მინისტრმა გერმანიის ეკონომიკის სტაგნაცია ვერ შეაჩერა.

„თქვენ ქვეყანას ყველაზე რთულ ვითარებაში გვიტოვებთ, ახლა გერმანიაში დიდი ეკონომიკური კრიზისია. გერმანიის ისტორიაში სულ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ზედიზედ ორი წელი რეცესია გვქონდა. პირველი იყო გერჰარდ შრედერი, რომელმაც ის მაინც გააკეთა, რომ 2010 წლის დღის წესრიგი შემოიღო. მეორე კი თქვენ ხართ, ოლაფ შოლცი, რომელიც აქ დგას და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხარჯზე უნდა გვქონდეს დავალიანება“, განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ კანცლერობის კანდიდატმა.

რამდენიმე პარტიის ლიდერი უკვე შეთანხმდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს უნდა ჩატარდეს, 7 თვით ადრე, ვიდრე იყო დაგეგმილი. პროცესებს უხელმძღვანელებს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ამისთვის პრეზიდენტს 21 დღე აქვს და, სავარაუდოდ, განცხადებას შობის შემდეგ გააკეთებს.

პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ვადამდელი არჩევნები მაქსიმუმ 60 დღეში უნდა ჩატარდეს. საარჩევნო კამპანია პარტიებმა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend