პლუშის დათუნიებით სავსე გამოფენა პარიზში, ნოემი მერლანის საშინელებათა ჟანრში შექმნილი კომედია „ქალები აივანზე“ (The Balconettes) და სნუპ დოგის ახალი ალბომი – ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმ კულტურული სიახლეებისა, რომლებსაც ევროპელები ამ კვირაში გვთავაზობენ.
ხალხი საჩუქრებს დაეძებს, რთავს სახლს და ცდილობს, რამე სისულელე არ წამოსცდეს ოფისში გამართულ საშობაო წვეულებაზე – ერთი სიტყვით, დეკემბერი ძალას იკრებს! თუმცა სადღესასწაულო ქაოსში შესაფერისი გასართობი მაინც მოიძებნება.
ამ კვირაში საკმაოდ დახუნძლულია კულტურული ღონისძიებების კალენდარი – იქნება ეს ლონდონში ახალი გამოფენა, რომელიც ვერსალის სასახლის სამეცნიერო მიღწევებს ეძღვნება, ფრანგი რეპერების ბრინჯაოს ქანდაკებების შოუ პარიზში თუ ფრანგი კინორეჟისორის, ნოემი მერლანის, შავი კომედია ქალების თავგადასავალზე შუაღამისას.
იმედი გვაქვს, ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
თუკი რამე გვაერთიანებს ადამიანებს, ეს სათამაშო პლუშის დათუნიაა, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება და კოლექციონერებსაც ძალიან უყვართ – ზოგიერთი ასეთი დათუნია ასობით ათასი ევრო ღირს. პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში (Musée des Arts Décoratifs) მიმდინარეობს გამოფენა, რომელზეც სწორედ სათამაშო დათუნიებია გამოტანილი და რომელიც წარმოაჩენს არა მხოლოდ ამ სათამაშოს არსებობის ისტორიას, როდესაც 1902 წელს ის რიჩარდ შტაიფმა შექმნა, არამედ ზოგადად ადამიანის ამ სათამაშოსთან ურთიერთობის ევოლუციას. გამოფენაზე წარმოდგენილია 400 დათუნია, რომელთაგან ყველაზე ძველები შალის ძაფითა და ხის ბურბუშელასგან არის დამზადებული, ყველაზე ახლებს კი ნაზი ხელოვნური ბეწვი ამშვენებს. ეს გამოფენა 2025 წლის 22 ივნისამდე გაგრძელდება.
გამოფენა „ვერსალი – მეცნიერება და ბრწყინვალება“ ლონდონში მეცნიერების მუზეუმში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სიმდიდრისა და ფუფუნების მწვერვალად მიჩნეული ვერსალის სასახლე თვალს ატყვევებს დიდებული ბაღებით, სარკეებიანი დარბაზითა და იმ მეფეთა წარსული შარავანდედით, რომელიც ოდესღაც ამ სასახლეში ცხოვრობდნენ. თუმცა მე-17 საუკუნის ამ დიდებული ძეგლის მნიშვნელობა მხოლოდ მისი სილამაზე არ არის, ლონდონში გამართულ გამოფენაზე წარმოჩენილია ის მეცნიერული მიღწევები, რომლებიც ამ სასახლის დამსახურებაა. გამოფენაზე წარმოდგენილია 100 ექსპონატი, მათ შორის ჯოვანი დომენიკო კასინის მიერ შექმნილი დახვეწილი მთვარის რუკა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საათი, რომელიც სპეციალურად მარია ანტუანეტისთვის დამზადდა. გამოფენაზე ასევე ნაჩვენებია, თუ რა გზებით შეჰქონდათ საკუთარი წვლილი სასახლეში მცხოვრებ ქალებს სხვადასხვა დისციპლინის განვითარებაში, მედიცინით დაწყებული და ფილოსოფიით დამთავრებული. გამოფენა 2025 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.
2018 წლის აგვისტოში ორლის აეროპორტში ცნობილმა ფრანგმა რეპერებმა ბუბამ (Booba) და კარისმა (Kaaris) იჩხუბეს. ორივე დააპატიმრეს და თან თითოეული 50 ათასი ევროთი დააჯარიმეს. სმარტფონზე გადაღებული ჩხუბის სცენა კი ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში. ექვსი წლის შემდეგ მსახიობი გიიომ კანიარი, რომელიც წარსულში ბუბასთან თანამშრომლობდა, ჩხუბის ადგილზე სახუმარო სანახაობით დაბრუნდა, რომელსაც „ორლის ბრძოლა“ უწოდა. ეს სანახაობა მოიცავს როგორც ციფრულ გამოსახულებებს, ისე ბრინჯაოს ქანდაკებებსა და სხვა არტეფაქტებს და 24 დეკემბრამდე ელის მსურველებს.
ფილმი „ქალები აივანზე“, რომელიც მერლანის მეორე მხატვრული ფილმია, სამი ქალის ღამის რომანტიკულ თავგადასავალზეა აგებული. ფილმი კომიკური და საზარელი ეფექტების ნაზავით გადმოსცემს სერიოზულ სათქმელს.
.
Sony Pictures-მა წელს გამოუშვა „ადამიანი-ობობას“ ჟანრის კიდევ ერთი ფილმი „მონადირე კრეივენი“ (Kraven the Hunter), რომლის სუპერგმირი გამოქვაბულის ხანის ადამიანის მსგავსად გრძელი თმა-წვერითა და ტყავით არის შემოსილი. ფილმი სავსეა ფანტასტიკური ჟანრის ეფექტებით, რომლებიც სუპერგმირების ჟანრს ახასიათებს და, ცოტა არ იყოს, დამღლელია ამის გამო. თუმცა თუ სადღესასწაულოდ ცოტა შესვენება და გონების განტვირთვა გსურს ორი საათით – ღირს ნახვა.
.
სხვისი უცნაური ოცნებების მოსმენა მაინცდამაინც არავის სიამოვნებს, თუმცა ნახვა, თუკი ამას Pixar -ის სტუდიის მიერ სახალისოდ გადაღებული მინისერიალი შემოგთავაზებს – რატომაც არა! Disney+-ზე გადის Pixar -ის ანიმაციური მინისერიალი „თავდაყირას“ ახალი სერიები, რომლებიც გოგონა რილის სხვადასხვა თავგადასავალს მოგვითხრობს.
.
რაც შეეხება მუსიკას, გამოვიდა 90-იანებში ჰიპ-ჰოპის ჟანრის ერთ-ერთი საყვარელი მომღერლის სნუპ დოგის ახალი ალბომი „მისიონერი“ (Missionary), რომლითაც 1993 წელს გამოშვებულ თავის პირველს ალბომს Doggystyle მიაგო პატივი. ალბომი მოიცავს 15 ტრეკს და მასზე ჩაწერილია ასევე სხვა მომღერლების ნამუშევრები, მათ შორის: ემინემის, 50 Cent-ის, სტინგის, The Chicago Kid-ისა და ჯენე აიკოსი.
.
ამერიკულმა როკჯგუფმა The National-მა გამოუშვა კონცერტების 21-ტრეკიანი ალბომი „რომი“. მასში შესულია 2024 წლის ივნისში რომში საკონცერტო დარბაზ Auditorium Parco della Musica-ში ჩატარებული კონცერტების ჩანაწერები.
ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი