სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ მოქალაქეები ალეპოს ციხის გარშემო შეიკრიბნენ და ასადის მმართველობის წლები გაიხსენეს.
სირიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებიც სავსე იყო იმ ადამიანებით, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ. ისინი მრავალი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ოჯახის წევრებს. ასადის მმართველობის დროს სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო ყველასთვის, ვისაც 18 წელი შეუსრულდებოდა.
სამსახურის ხანგრძლივობა 18-დან 21 თვემდე იყო. სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება მკაცრად ისჯებოდა: მათ თავისუფლების აღკვეთა ან ფრონტის ხაზზე იძულებით გაგზავნა ემუქრებოდათ, რის გამოც სირიის მოქალაქეებს ხშირად ქვეყნის დატოვება უწევდათ.
„44 წლის ვიყავი, როდესაც არმიის რეზერვში წამიყვანეს. ბაბუა ვარ. არ ვიცი, რატომ გამგზავნეს, ვერ მივხვდი. მათ გამანადგურეს. ასადის რეჟიმმა მთელი ჩემი ქვეყანა გაანადგურა. დღესაც კი ბავშვები დაზაფრულები არიან. ამბოხებულები რომ მოვიდნენ, თვითმფრინავებისაც შეგვეშინდა, რადგან ისინი მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავდნენ. ყველგან აფეთქებულ შენობას ვხედავდით“, – ამბობს რაედი, სირიის მოქალაქე.
ცხოვრება გამარტივდა სირიელი ქრისტიანებისთვისაც, რომლებიც ქალაქ ალეპოში, აზოზოეს რაიონში ცხოვრობენ. ისინი ახალი წლისთვის ემზადებიან, დადგეს ნაძვის ხე და აღარც თავიანთ აღმსარებლობას მალავენ.
„ქრისტიანებს სადარდებელი არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ არავინ გვაწუხებს და არავინ არაფერს გვეუბნება. როგორც უმცირესობის წარმომადგენლები, თავდაპირველად ვღელავდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ამბოხებულები ჩვენ მიმართ პატივისცემას იჩენენ, ზრუნავენ ჩვენზე და იმედს ვიტოვებთ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – ამბობს აგოპ ბარდაკიჯიანი, ალეპოს მცხოვრები.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რაიონში ომის კვალი ჯერ არ გამქრალა. მასაკინ–ჰანანოს რაიონი ერთ-ერთია, სადაც შენობები ნანგრევებადაა ქცეული და დაბომბვისა და ძალადობის მოგონებად რჩება.
„ალეპოსა და მასაკინ–ჰანანოში სირიის რეჟიმის საჰაერო თავდასხმებმა ნგრევა გამოიწვია. ასადის რეჟიმის პერიოდში, ფაქტობრივად, არ არსებობდა სამსახურები, არაფერი არ იყო. ვერაფერს მიაღწევდი ქრთამის გარეშე. რაც იყო, იქ ხელფასი ძალიან დაბალი იყო. ისინი ამცირებდნენ ადამიანებს, საცხოვრებელ პირობებს არ უქმნიდნენ. დილით იღვიძებდი და იგებდი, რომ ვიღაც შენს სახლში შემოიჭრა და ყველაფერი მოიპარა ან სრულიად უდანაშაულო ციხეში წაგიყვანა“, – ამბობს ადელი, მასაკინ–ჰანანოს მცხოვრები.
ალეპო, ოდესღაც სირიის უდიდესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ცენტრი, სამოქალაქო ომის ეპიცენტრი გახდა.
ამბოხებულები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მასაკინ–ჰანონიში, თავდაპირველად 2012 წელს შევიდნენ, რასაც მრავალწლიანი ბრძოლები და მსხვერპლი მოჰყვა. 2016 წელს ალეპო რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით სირიის არმიამ დაიბრუნა.
ასადის რეჟიმის დასრულების შემდეგაც სირიელები ღელავენ ამბოხებულთა საშინაო პოლიტიკაზე. ბევრს აშინებს მათი ძველი კავშირი ალ-კაიდასთან და ისიც, რომ რადიკალური ისლამური ლოზუნგები აქვთ.
თუმცა ლიდერები უარყოფენ დაჯგუფებასთან კავშირს და პირობას დებენ, რომ დაიცავენ საზოგადოების ყოველი ჯგუფის ინტერესს და ყველას სამართლიანად მოეპყრობიან.