ერთობლივი სტრატეგია, მიზნების თანხვედრა, მუშაობა შიდა და საგარეო მიმართულებებით და მიმდინარე პროცესების სტრატეგიული ანალიზი – ეს იყო ოპოზიციასა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის მთავარი საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა დაიძლიოს არსებული კრიზისი ისე, რომ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს, ხოლო დემოკრატიული გზიდან გადახვევისთვის მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერები დაისაჯონ.
„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. კერძოდ, ვისაც აქვს ამ ქვეყნის მსახურების დიდი გამოცდილება და ამავე დროს, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ველის და კონტექსტის ძალიან მაღალი ცოდნა. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ჩვენი საერთო სამოქმედო გეგმა. ასევე, თუ როგორ უნდა დავიხსნათ ქვეყანა ჰიბრიდული რუსული სპეცოპერაციიდან, რომელშიც სამწუხაროდ, დღეს საქართველო და ქართველი ხალხი იმყოფება. პარლამენტში გამაგრებულები არიან რუსები, რომლებიც კრემლის დავალებას ასრულებენ“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს და ქვეყნის მოსახლეობას ზარალი არ უნდა მიაყენოს.
„ჩვენს უცხოელს პარტნიორებთან როგორ ვიმუშაოთ ერთმანეთთან, რომ მინიმალური რისკებით სწრაფი შედეგები დადგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართული სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ… ჩვენი უმთავრესი და უპირველესი ამოცანა სწორედ ესაა – გადავარჩინოთ ქვეყანა და ამისთვის გამოვიყენოთ სრულად როგორც ქვეყნის შიგნით რესურსი, ისე პარტნიორების. ძირითადად, საუბარია უპირველესად იმაზე, რომ კოორდინირებული იყოს ყველა გზავნილი, რომლითაც ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ორ მთავარ ამბავზე -გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღება, ჩვენი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს. მაგალითად, უვიზო მიმოსვლა. ეს აუცილებლად უნდა გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ ხალხზე, მაგრამ ის არ უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
მათივე განცხადებით, საბოლოო მიზანი არალეგიტიმური ძალის მიერ მიტაცებული ხელისუფლების გათავისუფლებაა.