16 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა.
საგარეო მინისტრების სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმდნენ, ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი გამაფრთხილებელი ხასიათის განცხადების შემდეგ.
სხდომის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო პასუხი არ უნდა აგოს ქართველმა ხალხმა. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობასაც. ამასთან ერთად ბლოკის საგარეო მინისტრები მკაფიოდ აცხადებენ, რომ მაგიდაზე რჩება „დამატებითი ზომები“ და ნებისმიერი სანქციის თუ შეზღუდვის გაფართოება არის შესაძლებელი საჭიროებიდან გამომდინარე.
„არ მინდა კარი დავხუროთ და საქართველოსთან ხიდები დავწვათ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გვინდა ევროპულ გზაზე მხარი დავუჭიროთ. ვიცით, რომ ეს გზა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შორს არ წავიდეთ და არ გავაფუჭოთ ის, რისი აღდგენაც მომავალში დაგვჭირდება. ამავდროულად, ძალადობა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ვნახეთ, უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ დღეს განვიხილავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმებას დიპლომატებისთვის და სავარაუდო მიზნობრივ სანქციებს. მჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც შეგვიძლია გავყვეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა ევროკავშირის სახელით. და მეორე: მოდი, ნუ დავუხურავთ კარს ქართველ ხალხს, ისინი სხვა რამეს იმსახურებენ”, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა.
Last #FAC 🇪🇺 of 2024 and first one led by HR/VP @kajakallas in full swing.
On the agenda:
▶️ adoption of the 15th package of sanctions against #Russia and support for #Ukraine
▶️ situation in #Syria
▶️ concerning developements in #Georgia https://t.co/CSdEclkD1W— Alexander Schallenberg (@a_schallenberg) December 16, 2024
მისი თქმით, სანქციები დიპლომატიის არარსებობას ნიშნავს და ამ ზომის მიღებამდე სხვა ნაბიჯების გადადგმას უჭერს მხარს.
„სანქციები დიალოგის ნაკლებობას ნიშნავს. ეს ყოველთვის დიალოგისა და დიპლომატიის დასასრულია. მჯერა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ვისაუბროთ… ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი. სანქციებამდე სხვა ზომების მიღებას ვისურვებდი”, – ამბობს შალენბერგი.
„ჩეხეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის ღია უნდა დავტოვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვექნება რეაქცია, თუ მთავრობას არ სურს თანამშრომლობა და იგი პირდაპირ დგამს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ვნახოთ, რა იქნება კონკრეტული ზომები. მე რამდენიმე მათგანი წარმომიდგენია, მაგრამ ამ ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს”, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისიც.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე მკაფიოდ უნდა მივანიშნოთ იმის თაობაზე, რომ მომავალში ამ აკრძალვის გაფართოებაც შეგვიძლია.
შემდეგი საკითხი არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან, ასოცირების შეთანხმების ჩარჩოში. უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და შევწყვიტოთ მათი ფინანსური დახმარება. ამასთან, უნდა ვუთხრათ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი. დროა, ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, ევროპა თქვენთანაა, ევროპას თქვენ სჭირდებით. ეს ახლავე, დღესვე უნდა გავაკეთოთ”, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობის ძალადობრივი მცდელობები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია.
Today we summoned #Georgian Ambassador to discuss violence against🇬🇪citizens & also statement by the🇬🇪ruling party about 🇪🇪.
Regrettable that a country that has been supported by 🇪🇪for many years indulges in hostile rhetoric about our sovereignty & repeating RU’s talking points.— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 16, 2024
„ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული… რადგან ასეთი არ ყოფილა. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომის სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, არსებობს მომავალში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაც.
ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ევროკავშირში გაწევრიანების სხვადასხვა ნაბიჯთან დაკავშირებით. ევროპის მხრიდან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, დაფინანსება, შევასრულეთ ყველაფერი, რისი დაპირებაც გავეცით… მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოიტყუეს. მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და მოგვატყუეს ჩვენც“, – ამბობს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
16-22 დეკემბრის კვირაში ბრიუსელში არაერთი სხდომაა დაგეგმილი, მათ შორის ევროპული საბჭოს სხდომაც, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება. წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს მათ შორის, სანქციების დაწესებას კიდევ არაერთხელ განიხილავენ.