ესტონეთის მიერ საქართველოს თანამდებობის პირების დასანქცირებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ესტონეთის სანქციებს სამარცხვინო გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის მორიგი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ეს არის ხალხის ნების უპატივცემულობა და 1 120 000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის არ არის მისაღები ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე მეცხრედ ზედიზედ ირჩევს. ესტონეთის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მეგობრობა არც სიტყვებით და მით უმეტეს, საქმითაც არ გამოიხატება რეალურ მეგობრობაში და ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები და ეს არის დროებითი პროცესი. მისი თქმით, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპასა და საქართველოშიც.
„ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა. დაბრუნდება ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ ქართველებს წარმოგვიდგენია და ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის”,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.