მთავარისაქართველოპრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი

ხმოსნების 300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი – მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურაში 225 ხმოსანი მონაწილეობდა. გაბათილდა 1 ბიულეტენი. მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა ადა მარშანიამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი შედგა.

ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.

„ეს ფაქტობრივად საბოლოო მონაცემებია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს აქვთ კანონმდებლობის თანახმად.

პროცესი კანონმდებლობის სრული ნორმათა დაცვით განხორციელდა, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ასეთი შეფასებები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს არ წარმოადგენს და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩართული მხარეების, სხვადასხვა მხარის შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შევაფასო.

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა, ეს საკითხები თანხმდებოდა საქართველოს პარლამენტთან, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესი თავად არ არის გათვალისწინებული. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორი დიდი წარმომადგენლობაა მედიაორგანიზაციების საშუალებების ამ პროცესზე, რომლებმაც სათანადო მომართვის საფუძველზე მოიპოვეს უფლება, დაჰკვირვებოდნენ და ეს პროცესი გაეშუქებინათ. ამიტომ ჩემთვის დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეეძლო, განეხილა და გადაეწყვიტა კონკრეტული ორგანიზაციისთვის დასწრების შესაძლებლობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

თავად ახალარჩეულ პრეზიდენტს განცხადება არ გაუკეთებია. მედიასთან ისაუბრეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოვალეობა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ერთგულება იქნება.

„საქართველოში დღეს ისტორიული დღეა!

სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.

დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს.

უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა.

ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან, გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის. მათ უკან ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახალარჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება.

მთავარი, რაც მინდა მას მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფლისთვის”, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში, თბილისი, 14 დეკემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo

ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მილოცვასთან ერთად, მან ახალი პრეზიდენტი დაახასიათა და „ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული“ უწოდა.

„20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს“, – განაცხადა პრემიერმა.

.

რას შეეხება ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ნაწილისა და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, ისინი მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულ არალეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend