ე. წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციებისას დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესი 10 იანვრამდე გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარმდგარიყვნენ, თუმცა ადვოკატები ეჭვობდნენ, რომ მოსამართლე საქმეს გააჭიანურებდა და ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გაუხანგრძლივებდა.
გიორგი ოკმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 მაისს 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. 17 მაისს კი, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი დაუმძიმა და საქმეს დაემატა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც. მას შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.