რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროევროპულმა პარტიებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი კოალიცია მნიშვნელოვნად შეზღუდავს მემარჯვენე პარტიებს.
11 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი პროევროპული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატს წარადგენს და მას დაუჭერს მხარს.
პარტიებს შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც გასულ კვირას ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, მთელი პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს.
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც ულტრამემარჯვენე და დამოუკიდებელმა კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ მოულოდნელად გაიმარჯვა. პირველი ტურის შედეგების გაუქმებას ჯორჯესკუმ „დემოკრატიაზე შეტევა“ უწოდა.
ახალი კოალიციური მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დანიშნავს. რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ამბობს, რომ თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დარჩება.