დევნილების ნაწილი ამ დრომდე საერთო საცხოვრებლებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.
“დედაჩემმა 50 წელი ერთ სკოლაში იმუშავა ოჩამჩირეში – ყველა იცნობდა იქ. ისე გარდაიცვალა, სულ მოლოდინში იყო, იმედი ჰქონდა, რომ საკუთარი ბინა ექნებოდა. ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა აქ, ყველა ელოდა.”
დიღმის მასივში მდებარე პოლიკლინიკის ძველი შენობა, ერთ-ერთია იმ საცხოვრებლებს შორის, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 1993 წლიდან ცხოვრობენ.
“მარტო ვარ სოციალურად დაუცველი და პენსიონერი – სამი ქულა მაქვს და უნდა დავაგროვო 11 ქულა, რომ მომცენ ბინა. როგორ დავაგროვო 11 ქულა?” – გვეკითხება პოლიკლინიკის შენობაში მცხოვრები ოჩამჩირიდან დევნილი ქალი.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 850 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათი ნაწილი დღემდე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში ე.წ. კოლექტიური განსახლების ცენტრებში ცხოვრობს.
ოჩამჩირიდან დევნილი ქალი პოლიკლინიკის შენობის იმ ნაწილს გვათვალიერებინებს, სადაც ერთი ტუალეტი მთელს სართულს ემსახურება. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ 90-იანი წლების შემდეგ აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. კორპუსში არ არის ბუნებრივი აირი. სარემონტო სამუშაოები, ბოლოს აქ ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩატარდა. ჩვენმა რესპონდენტმა სახის გამოჩენა არ ისურვა, – ამბობს, რომ არ უნდა, აფხაზეთში დარჩენილმა ნაცნობებმა და ნათესავებმა ნახონ, როგორ პირობებში უწევს ცხოვრება.
“დედაჩემმა 50 წელი ერთ სკოლაში იმუშავა ოჩამჩირეში – ყველა იცნობდა იქ. ისე გარდაიცვალა აქ, სულ მოლოდინში იყო, იმედი ჰქონდა, რომ თავის ბინა ექნებოდა. ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა აქ, ყველა ელოდა, რომ რაღაცას მისცემდნენ, საერთო ტუალეტში არ ივლიდნენ და ტაშტზე ტანს არ დაიბანდნენ. ჩვენ აქ აბანოც კი არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ერთი ოთახი, იქ ვმუშაობდი კიდევაც 30 წელი, იქ მქონდა ყველაფერი და იმავე ოთახში ტაშტზე ვბანაობდით.”
სამოცდაათი წლის დევნილი ქალი დღეს მარტო ცხოვრობს, წლებთან ერთად იმედი დაკარგა, რომ უკეთეს პირობებში მისი ამ შენობიდან გადაყვანის ჯერიც დადგება.
“ყოველ წელს გვიპირებენ გაყვანას, იყვნენ ინვესტორები რამდენჯერ ძალიან კარგი პირობები შემოგვთავაზეს, მაგრამ არ ვიცი, მერიაში რას ეუბნებიან ამისთანას, რომ ქრებიან და ამით მთავრდება ყველაფერი.. არავის არ აინტერესებს ჩვენი ცხოვრება, არავინ არ მოდის, არ გვიყურებს, საერთოდ არ აინტერესებთ. ასე გავიდა 30 წელი.”
ბოლო წლების განმავლობაში თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სახელმწიფომ არაერთი ავარიული საცხოვრისი დახურა. თუმცა მათივე ინფორმაციით ამ დრომდე რჩება 400-მდე კომპაქტური ცენტრი, სადაც საცხოვრებლად განსაკუთრებით მძიმე პირობებია და საიდანაც დევნილთა გადაყვანა იგეგმება.
სახელმწიფო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს დღეს სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით გადასცემს. ოჯახების მიერ შევსებულ განაცხადებს ქულების რაოდენობა ენიჭება. სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს რიგითობასაც, – თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში და რომელი მოგვიანებით. სახელმწიფოს განმარტებით მისთვის პრიორიტეტს ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება წარმოადგენს და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს უპირობოდ განიხილავს.
“ამ კრიტერიუმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სწორედ ის, რომ უფრო მოწყვლადი დევნილების იდენტიფიცირება მოახდინოს, რომელსაც ყველაზე უფრო სასწრაფო წესით სჭირდებათ განსახლება, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც კრიტერიუმები ვერ ახდენს მოწყვლადი დევნილების იდენტიფიცირებას. ვფიქრობ, ამისთვის უფრო მრავალფეროვანი განსახლების პროგრამები უნდა არსებობდეს. ერთია, როდესაც ვამბობ, რომ კრიტერიუმებით უნდა განასახლო ე.წ. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილები, მაგრამ პარალელურად უნდა გვქონდეს განსახლების ის პროგრამები, რომლითაც ისარგებლებენ ეს დევნილები. ჩვენთან სამწუხაროდ მშენებლობაზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი. მშენებლობა, ცხადია, ნელი ტემპით მიმდინარეობს და ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთან არის დაკავშირებული, რის გამოც, ამ ადამიანების დაკმაყოფილება გართულებული და დროში გაწელილია”, – ამბობს უფლებადამცველი ნანა გოგოხია, რომელიც 2004 წლიდან დევნილთა საკითხებზე მუშაობს.
“ამ პროცესის დიდხანს გაგრძელება გამოიწვია იმან, რომ ეს პროცესი თვითონ სახელმწიფომ დაიწყო გვიან. ბუნებრივია 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში სახელმწიფოს იმისგან განსხვავებული რესურსები და შესაძლებლობები გააჩნდა, ვიდრე დღეს. რთულია ზუსტი და კონკრეტული წლების თქმა, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია რესურსზე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი 6-7 წელზე დიდხანს არ გასტანს,”- ამბობს დავით კაიკაციშვილი დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და და ბორჯომი მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით დარჩენილია სულ 1500-მდე ოჯახი, რომელთა დაკმაყოფილებაც უახლოეს წლებში იგეგმება.
კიდევ ერთი კომპაქტური ცენტრი თბილისში, სადაც განსაკუთრებით მძიმე პირობებია, დიღმის მასივში, ყოფილი ბავშთა სახლის შენობაა. აქ მცხოვრები ოჯახები – სოციალურად დაუცველები და დევნილები აქ დღემდე შეშის ღუმელებით თბებიან, რამდენიმე ოჯახზე აქაც ერთი სველი წერტილი მოდის. ისიც უმძიმეს მდგომარეობაში. სოხუმიდან დევნილი დიანა ბახია შვილებთან და დღეს უკვე შვილიშვილებთან ერთად ამ შენობაში 13 წელია ცხოვრობს.
პირველი წამოსვლა რომ იყო მაშინ წამოვედით გემით. არც ვიციოდი სად იყვნენ ჩემი შვილები – ხმით მივაგენი გემზე…
ძალიან ცუდ პირობებში ვართ, პატარა ბავშვებთან ერთად, რამდენიმე ოჯახია აქ ლტოლვილების. 13-14 ოჯახი ვართ. ფაქტიურად ვირთხებთან ერთად ვცხოვრობთ, პატარა ბავშვების პატრონი ვარ, არა გათბობა, არა წყალი – არავითარი პირობები ჩვენ არ გვაქვს. მე ჩემს მეუღლეს და ბიჭს მინიჭებული გვაქვს 6 ქულა, ჩემი მეორე ბიჭის ოჯახს 2 ქულამდე აქვს მინიჭებული. გვპირდებიან, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი დიანა ბახია.
“ძალიან რთულია გაჭირვებული ადამიანი დაარწმუნო, რომ არსებობს კიდევ მასზე გაჭირვებულიც. ბუნებრივია ამ ადამიანებს ჩვენს თანავუგრძნობთ, ამ მდგომარეობას, რომ ამდენი წელია ელოდებიან განსახლებას, და დღემდე მოლოდინის რეჟიმში არიან თუმცა ძალიან რთულია ჩვენთვისაც, როგორც საჯარო მოხლეებისთვის, პირობითად, როდეაც 100 ათასი მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანი გყავს, და გაქვს რესურსი, პირობითად, რომ 10 ათასის განსახლება შეძლო კონკრეტულ პერიოდში. კრიტერიუმებიც ამისთვის არსებობს რომ მათ შორის უფრო მოწყვლადები შეგვერჩია, თუმცა ეს მოწყვლადობის მაჩვენებელიც შემცირებულია და ის ადამიანებიც, რომლებიც ახლა წუხან ამდენი წელი ელოდებიან, დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი უკვე 2-3 წელიწადში დაკმაყოფილდება, როდესაც მშენებლობებს მოვრჩები და სოფლად სახლის ფარგლებში მოხდება მათი განსახლება. ამბობს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი დავით კაიკაციშვილი.
-შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2030 წლამდე ეს პროცესი დასრულებული იქნება?
-კი, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ეს თარიღი ავიღოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ., ყველაფერი დამოკიდებულია რესურსზე” – ამბობს კაიკაციშვილი.
“მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს უფრო მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკა, დევნილთა განსახლების მიმართ, რათა დევნილებმა იცოდნენ, რომ თუ წელს არა, მომავალ წელს ან ორ წელიწადში მაინც ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან საკუთარი ჭერით. იმდენად დიდი ხანია ეს ოჯახები განსახლებას ელოდებიან, რომ ზოგიერთი მათგანი ვერც მოესწრო, გარდაიცვალა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა მიმართ, განახლდეს, მოერგოს დღევანდელ საჭიროებებს და უზრუნველვყოთ განსახლების პროცესის დაჩქარება”, – ამბობს უფლებადამცველი ნანა გოგოხია.
ყოფილი ბავშვთა სახლისა და პოლიკლინიკის შენობაში მცხოვრები დევნილების ბედთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აქ მცხოვრები დევნილების განსახლება ახლო მომავალში, თბილისში მშენებლობის დასრულებისთანავე მოხდება. სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა.