ერთ წელზე მეტია, რაც ევროპის აგრარული პოლიტიკა არეულობამ მოიცვა. უხვად იყო მედიის გამოხმაურებაზე გათვლილი ინიციატივები, საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვა და ევროპის დედაქალაქების ქუჩებში ტრაქტორების აქცია, რომელთაც ტრადიციულ ფერმერთა მსხვილი ასოციაციები აწყობდნენ, რათა როგორმე შეეჩერებინათ ევროკომისიის „მწვანე შეთანხმება“. მაგრამ როგორ აისახება ეს ყველაფერი იმ ფერმერებზე, რომლებიც ეკომეგობრულ მეურნეობას მისდევენ და რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ „მწვანე შეთანხმება“ სარგებელს მოუტანდა როგორც თავად ფერმერებს, ისე მიწასა და გარემოს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ევრონიუსის რეპორტიორი ჰანს ფონ დერ ბრელი ავსტრიის პატარა სოფელ აუერსტალში ჩავიდა.
კლიმატის ცვლილებისა და ნიადაგის ეროზიის ტემპი რომ შეანელოს, ევროპისთვის მდგრადი სოფლის მეურნეობაა აუცილებელი- თუმცა ორგანული ფერმერობის მიმდევარს უფრო მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ ფერმერს. თუმცა ამ საქმისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. ნაკლები პესტიციდისა და ინსექტიციდის გამოყენება უფრო ჯანსაღი სურსათისა და მეტი ბიომრავალფეროვნების მიღებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ ორგანული ფერმერობის წასახალისებლად სამოქმედო გეგმა შეადგინა. 2022 წელს ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო მიწების სულ რაღაც 10 პროცენტი ეთმობოდა სოფლის ორგანულ მეურნეობას. არსებობს ასევე ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მიწების მეოთხედი მაინც ორგანული მეთოდებით იყოს დამუშავებული.
დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ავსტრიაში ამ მიზანს უკვე 25 პროცენტით მიაღწიეს, მას მოსდევს ესტონეთი, შვედეთი, პორტუგალია და იტალია. ევროკავშირის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ორგანული მეთოდებით დაახლოებით სასოფლო-სამეურნეო მიწების 10-11 პროცენტი მუშავდება – ეს არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აგრარულ ქვეყნებში კი, როგორებიცაა უნგრეთი, რუმინეთი და პოლონეთი – ორგანულად უფრო ნაკლებ მიწას ამუშავებენ.
ევროპის აუდიტორთა სასამართლომ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ევროკომისიის სამოქმედო გეგმა.
2014 წლიდან 2022 წლამდე ევროპამ ფერმერებს მისცა 520 მილიარდი ევრო, რომლის 2 პროცენტიც – 12 მილიარდი ევრო ორგანულ ფერმებს გადაეცათ.
აუდიტორთა სასამართლო უკმაყოფილოა თანხის არასწორი განკარგვის გამო. მისი რეკომენდაციით, უმჯობესია ორგანული ფერმერობისთვის ისეთი მიზნები და მკაფიო სტრატეგია გაწერონ, რომ შესაძლებელი იყოს მათი მეტი სიზუსტით შეფასება.
მომხმარებელს ორგანული პროდუქტის შეძენის სურვილი რომ გაუღვივონ, ევროკავშირმა უკვე შემოიღო სპეციალური იარლიყი ორგანული ნაწარმისთვის. მაგრამ ლამაზი ბიოიარლიყი და კეთილი ნების იმედად დასახული მიზნები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ორგანული ფერმერობა სტაბილურად დაინერგოს. ორგანული ფერმების ევროპელ მფლობელებს განვითარების გრძელვადიანი ხედვა სჭირდებათ – სწორედ ეს არის ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მთავარი გზავნილიც. ევროკომისია მალე ახალი წინადადებების გასაჯაროებას აპირებს.
ორგანული ფერმების ავსტრიელი მფლობელები ევროპის ჩემპიონები არიან! არსად სხვაგან ევროკავშირში ამდენი მიწა არ არის ორგანულად დამუშავებული. მაინც როგორ მუშაობენ დღეს ევროპაში ისინი, ვისაც ორგანული ფერმა აქვს? ავსტრიის ერთ პატარა სოფელ აუერსტალში მცხოვრები Biohof Zetner-ის მფლობელი, ჰერბერტ ზეტნერი ფუნგიციდებისა და ქიმიური სასუქების ნაცვლად სახლში დამზადებულ თივის ჩაის იყენებს, რომელსაც ფერმენტირებული ბალახისგან იღებს. ჰერბერტმა და მისმა ძმამ ფერმა მამისგან მიიღეს მემკვიდრეობით და ოთხი წლის წინ ორგანულ მეთოდზე გადავიდნენ.
„74 ჰექტარი მიწის ტრადიციული გზით დამუშავებისთვის 500 საათი გვჭირდებოდა,“ – ამბობს ზეტნერი. „ახლა კი, რეგენერაციულ მეთოდზე გადასვლის შემდეგ, 1500 გვჭირდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომა გაგვისამმაგდა“.
ჰერბერტს 24 სახეობის კულტურული მცენარის მოსავალი მოჰყავს: წიწმატა სელი, შვრია, სპელტის ხორბალი, მუხუდო, კვლიავი და ა.შ. – ეს სია ძალიან გრძელია! ამჟამად მთელი ევროკავშირის მასშტაბით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტი, რათა დაადგინოს, თუ როგორ შეიძლება ჰაერიდან CO2 ნიადაგის ზედა ფენაში გადმოტანა და შეკავება. ნახშირბადის შეკავების მეთოდზე დაფუძნებული მიწათმოქმედების შედეგად კლიმატის ცვლილების ტემპი იკლებს – ფერმერების სასიხარულოდ კი ნეშომპალას მსუყე სასუქი რჩება.
ერთი კულტურის ერთ ვრცელ ყანად დათესვისგან განსხვავებით, ნეშომპალაში მცენარე წვრილ ზოლებად ითესება და ირგვება.
კლიმატის ცვლილებისა და სახეობათა გადაშენების ტემპი რომ შენელდეს, ევროკომისიამ დაგეგმა, რომ ფერმერებმა თავიანთი მიწების ოთხი პროცენტი დაასვენონ. თუმცა ტრადიციული სოფლის მეურნეობის მიმდევარი ფერმერების პროტესტის შედეგად ეს მოთხოვნა გააუქმა.
ჰერბერტ ზეტნერი განმარტავს, რომ „ნასვენი მიწა, ყვავილების ზოლები და მარცვლეულის სწორი როტაცია – როგორც სეზონური, ისე მარცვლეული და ფოთლოვანი ნათესების მიმოცვლა – სავალდებულო უნდა იყოს“.
ჰერბერტმა საზამთრო თესვა მაჩვენა. მისი მინდვრები წლის ნებისმიერ დროს მწვანე უნდა იყოს. ეს ჰაერში ნახშირბადის ბალანსისთვისაც კარგია.
აუერსტალში, ავსტრიის აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელში, ორგანული ფერმების მრავალი მფლობელი ცხოვრობს. მათ შორის არიან ჰერბერტის მეზობლებიც კრისტიანი – ორგანული ღვინის მწარმოებელი და კლემენსი, რომელსაც წიწილების ორგანული ფერმა აქვს.
კლემენს ტროირიცბახნერი, Biobauer-ის მეპატრონე:
„მჯერა, რომ ორგანული ფერმერობა ნიშურ მდგომარეობაში დარჩება, თუკი მის განვითარებას პოლიტიკა არ შეუწყობს ხელს“.
ჰერბერტ ზეტნერი, Biohof Zetner-ის მფლობელი, სოფელი აუერსტალი:
„ფერმერები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ნეშომპალა იდოს ნიადაგზე, ბუნებაზე ზრუნავენ. ამისგან ფერმერებმა ფინანსური სარგებელიც უნდა მიიღონ. ფული უნდა გადაუხადონ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მე ატმოსფეროდან CO2 ვიღებ, ამით ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ! და მინდა, რომ ევროკავშირმა ეს აღიაროს“.
კრისტიან ფიურჰაკერი, Biowinzer-ის მფლობელი:
„ორგანული ფერმერობა რომ განვითარდეს, ამის ერთი გზა ის იქნება, რომ რეგიონს მეტი ძალაუფლება მისცენ, რადგან იქ იციან, რა პრობლემებია ადგილზე“.
კლემენს ტროირიცბახნერი, Biobauer-ის მეპატრონე:
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მცირე ფერმებს – არ მგონია, რომ ევროკავშირის არსებული სუბსიდირების სისტემა ამართლებდეს“.
მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი პროფესორი ფრანც ესლი ვენის უნივერსიტეტის ბოტანიკის განყოფილებაში მუშაობს.
რა შეიძლება გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში, რომ კლიმატის ცვლილებისა და სახეობათა გადაშენების ტემპი შენელდეს? – ვეკითხები მას და იმ კითხვებს გადავცემ, რომელიც ავსტრიელ ფერმერებს აწუხებთ.
რატომ არ შეიძლება რეგენერაციული ორგანული ფერმების მეპატრონეთა სუბსიდირება. ისინი ხომ ნეშომპალას აფენენ მიწაზე? – აინტერესებს ჰერბერტ ზეტნერს.
ბიომრავალფეროვნების მკვლევარი, ვენის უნივერსიტეტი
„ატმოსფეროდან CO2 ამოღება სოფლის მეურნეობას მართლაც შეუძლია,“ – განმარტავს ფრანც ესლი. „თუკი ნიადაგს სხვანაირად დაამუშავებ, მასზე მეტი ნეშომპალა დარჩება და ეს საზოგადოებისთვის ახლა უფრო ღირებულია, ვიდრე ადრე“.
ისმება კითხვა: ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გადაუხადოს ფერმერებს იმისთვის, რომ ისინი ჰაერიდან ნახშირბადს იღებენ და ნიადაგში ინახავენ? ფრანც ესლი ამბობს რომ სწორედ ასეა.
კლემენს ტროირიცბახნერს, Biobauer-ის მეპატრონის კითხვა ასეთია:
„რატომ ხდება, რომ ყოველთვის დიდი ფერმები იღებენ დახმარებას? ვისურვებდი, რომ სუბსიდიები აღარ იყოს მიბმული დასამუშავებელი ფართობის ზომაზე. სუბსიდირების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ფერმა სულ უნდა აფართოო, მოგებაზე რომ გახვიდე“.
„უნდა იყოს მუდმივად გაფართოებაზე ორიენტირებული და უფრო მეტად მექანიზებული ფერმები – ვფიქრობ, ეს მოდელი არ არის უპრიანი ევროპული სოფლის მეურნეობისთვის. მცირე ფერმებმა მეტი უნდა მიიღონ თავიანთი მიწებისთვის და დიდებმა – ნაკლები,“ – პასუხობს ფრანც ესლი.
კრისტიანი, ორგანული ღვინის მწარმოებელი სვამს კითხვას.
კრისტიან ფიურჰაკერს, ორგანული ღვინის მწარმოებელს აინტერესებს, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ცენტრიდან, ბრიუსელიდან გაკონტროლდეს?
„ალტერნატივა იქნებოდა 27 ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ეროვნული აგრარული პოლიტიკის წარმოება,“ – განმარტავს ფრანც ესლი. „ამჟამად მოქმედ, ერთიან აგრარულ პოლიტიკასთან შედარებით, ასეთი პოლიტიკა ნაკლებად კოორდინირებული იქნებოდა. ეს კი არ შეუწყობს ხელს უფრო მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას მთელ ევროპაში“.
ბრიუსელში ცხარე კამათია იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცნენ მიწების დასვნებეასთან დაკავშირებით.
„მე ვურჩევდი, ძალაში დატოვონ სახნავი მიწის დასვენება,“ – ამბოსბ ფრანც ესლი. „ევროკავშირში ადრე სავალდებულო იყო, დასამუშავებელი მიწის 4 პროცენტი დაესვენებინათ. მაგრამ ეს მოთხოვნა გაუქმდა წელს ტრადიციული მეთოდებით მომუშავე ფერმერების პროტესტის გამო. არადა, მცირე ნაკვეთების დასვენება ძალიან ეფექტურია ბუნების დაცვის თვალსაზრისით.“
საინტერესოა, ევროკომისია ისევ ნებაყოფლობით რეკომენდაციებს დატოვებს პროტესტის საფრთხის შიშით, თუ უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს კლიმატის დასაცავად? მეტი ორგანული ფერმა კარგი გამოსავალი იქნებოდა.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი