საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ.
“ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივის თანახმად, დემონსტრაციებზე ნიღბის გარეშე ყოფნა, შესაძლო დანაშაულების პრევენციასა და დროულ გამოძიებას უზრუნველყოფს.
სახის დაფარვის აკრძალვა არ შეეხებათ მედიისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამავე კანონს დაემატა აქციებზე ლაზერების გამოყენების აკრძალვის მუხლიც.
“ასე აშინებენ დემონსტრანტებს გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბელგიაში, დანიაში, საბერძნეთში, ევროპის უმეტეს ქვეყანაშია მსგავსი აკრძალვები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს. ამ მიზნიდან გამომდინარე, ქართული კანონპროექტიც შემუშავდა.
კანონი იმისთვის არის და მოქნილი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, რომ როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები – მართალია, ამას არავინ არ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს. სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში – შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელიც და ის ხალხი, რომლებიც თავიანთ სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე. ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე არ აზიანებს, ის დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და თურმე არაფერი არ არის. რეალურად კი, ეს ადამიანები შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება. ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა ასევე დაჩქარებულად, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საჯარო სექტორში რეორგანიზაციის წესის გამარტივებას.
ამ კანონის მიღების შემდეგ მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელებს კიდევ უფრო გაუმარტივდებათ საჯარო სექტორში თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე მიღება-გაშვების პროცედურები.
კანონპროექტის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, თუ შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში შტატები მცირდება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ თითოეულ მოხელეს ერთი თვით ადრე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და კონკურსის გამოცხადების თაობაზე უნდა ეცნობოს. ამ შემთხვევაში, ყველა მოხელე (მათ შორის ზემდგომი, მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელე), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე ინიშნება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს.
ინიციატივით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას არ იწვევს. ასევე, საჩივრის ან კონკურსის შედეგების თაობაზე საჩივრის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება არ იწვევს შესაბამისი კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას. გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა განაცდური და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ის, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კიდევ ერთი ცვლილება მოხელეთა შეფასებას ეხება. მოქმედი კანონით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე წელიწადში ერთხელ შეაფასოს. მოხელის შეფასების პროცესი კი მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარიმართება. კანონპროექტით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან სამი თვის ვადაში შეცვალოს.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა სახელმწიფო სისტემას კიდევ უფრო გააჯანსაღებს, ხოლო ოპოზიციაში კი ამას ქართული ოცნების მორიგ რეპრესიად მიიჩნევს.-
ალეკო გვეტაძე