„უფრო მეტად სახეში მირტყამდნენ, თუმცა ბოლოსკენ, როდესაც თავზე ხელები ავიფარე, უკვე წიხლებით ცემაზე გადმოვიდნენ, ტანის არეშიც დამარტყეს. თავის აწევა ძალიან რთული იყო, შეიძლება თვალში ან კბილებში მომხვედროდა მუშტი, ამიტომ თავდახრილი მიწაზე ვიწექი და უსასრულოდ მირტყამდნენ”.
თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა საქმეებს განიხილავს. დავით ხარაიშვილს, რომელსაც 9 დეკემბერს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, სახეზე ამ დრომდე ეტყობა ძალადობის კვალი.
„მე – ადამიანი, რომელსაც სახის ძვლები დამიმტვრიეს იმის გამო, რომ სახლში მივდიოდი აქციიდან, მაინც გამოვედი სამართალდამრღვევი. არ მომისაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა, მაგრამ მაინც სამართალდამრღვევად მიმიჩნიეს”, – ამბობს დავით ხარაიშვილი.
კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა, რატი ბოქოლიშვილის იყო. როგორც ბოქოლიშვილი ჰყვება 30 დეკემბრის ღამეს დააკავეს, როდესაც მეუღლესა და მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.
„გვეცნენ, ადგილზეც მირტყეს, გოგოებს ვეჭირე, არ მიშვებდნენ, რომ წავეყვანე. მაგრამ ცემითა და გინებით წამათრიეს. გზაში რომ მიმათრევდნენ, თან მაგინებდნენ. აი, ხომ დაგიჭირეთ, ასე გიზამთ და ისე გიზამთო. იქვე პოლიციელები იყვნენ, მანქანები ეყენათ და იქ შემაგდეს, სადაც სამჯერ-ოთხჯერ კიდევ გვცემეს. შემოდიოდნენ, გვცემდნენ, გადიოდნენ… ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით. ტელეფონი წამართვეს, ჩანთა, და მანქანის გასაღები მედო შიგნით, კიდევ რაღაცები. ხელი არ მოვუწერე საბუთზე, სადაც ეწერა, რომ ვითომ მე ვცემე პოლიციელი, ვაგინებდი და ამიტომ დამაკავეს. სახე მქონდა ძალიან სისხლიანი, ამის გამო, ალბათ, შეეშინდათ, არ ვიცი. გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც თქვა, უნდა გადავიყვანოთო – ტანზეც ძალიან დაჟეჟილი ვიყავი. მერე გადამიყვანეს საავადმყოფოში. პასუხები რომ მოვიდა, სტაბილურად ვიყავი, გამომიშვეს ხელწერილის საფუძველზე”, – იხსენებს რატი ბოქოლიშვილი.
პროცესის დასრულების შემდეგ რატი და მისი ადვოკატი სასამართლო პროცესის მიმდინარეობას აღწერენ:
„ალბათ, იმ სისხლნაჟღენთებზე უფრო მძიმე იყო პოლიციელების პოზიცია. მოვიდნენ და მიაწოდეს სასამართლოს მცდარი ინფორმაცია, როგორ აგრესიულად იქცეოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სინამდვილეში ვიდეომტკიცებულებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ არაფერ მსგავსში რატი არ მონაწილეობდა. ჩემი მიმართვის მიუხედავად სასამართლომ შუამდგომლობით არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ამ ფაქტზე დაეწყო გამოძიება. დღემდე ვერ მოხერხდა შეხვედრა, რომ ჩვენ მიგვეწოდებინა საგამოძიებო სამსახურისთვის ფაქტები ადამიანის ჯგუფურად ცემის შესახებ სამართალდამცავების მხრიდან”, – ამბობს კახა კოჟორიძე, რატი ბოქოლიშვილის ადვოკატი.
„მათი თქმით, ხალხში ვიდექი, ხელებს ვიქნევდი და ვიგინებოდი. ამ მიზეზით გადასცეს იქვე მდგომ გდდ-ის თანამშრომლებს, ეს ბიჭი დაიჭირეთო. ჯარიმაზე არ არის საუბარი, უსამართლობის განცდაზეა. მართლა არაფერი მიქნია, მშვიდობიანად ვიყავი… მცემეს, მლანძღეს, ტელეფონი წამართვეს, ნივთები წაიღეს. არ ვიცი, სად არის ეს ყველაფერი და კიდევ აქეთ სასამართლო მაქვს, კიდევ მე ვარ დამნაშავე. ჯერ ისევ მტკივა სხეული. ღრმად ჩასუნთქვა არ შემიძლია, ერთი ფეხი განსაკუთრებით მტკივა მოხრისას, ერთი ოცჯერ დამარტყა მუხლი – ეგ გათქმული ილეთია, ასე ვთქვათ და ცხვირით წესიერად ვერ ვსუნთქავ, ღამით მეღვიძება. მქონდა ტვინის მსუბუქი შერყევა, რომელმაც გაიარა, მადლობა ღმერთს სხვა სერიოზული არაფერი და ამიტომ გადავრჩი, სხვებისგან განსხვავებით”, – ამბობს რატი ბოქოლიშვილი
დაზიანებები შესამჩნევია თორნიკე ბერაძის სახეზეც, რომელიც ჰყვება, რომ ძმასა და მეგობრებთან ერთად აქციაზე მიდიოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. შემთხვევა პირველ დეკემბერს გამთენიისას მოხდა. ტვინის შერყევის გამო წესით ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმი აქვს, მაგრამ მაინც მოვიდა.
„პროცესი ახლა ჩაინიშნა და მომიწია გამოცხადება. ტვინის შერყევით გადამიყვანეს საავადმყოფოში, გარდა ამისა, მქონდა სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობა სახისა და ტანის არეში. პოლიციამ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა სამართალდარღვევას. სოლოლაკში ვიყავით, მივდიოდით ინგოროყვას ქუჩიდან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, სადაც დაგვაკავა სპეცრაზმმა, გაგვისწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ გაგვატარეს ე.წ. კორიდორში, სადაც ისევ ფიზიკურად მისწორდებოდნენ, ჩამომიყვანეს რუსთაველის გამზირზე, სადაც მიკროავტობუსში კიდევ რამდენჯერმე მცემეს. ეს იყო რეალობა, თუმცა პოლიცია ამბობდა სულ სხვას, თითქოს, ვიყავი რუსთაველის გამზირზე, ვიდექი წინა რიგებში და რაღაც მოწოდებებით გამოვირჩეოდი. უფრო მეტად მირტყამდნენ სახეში, თუმცა ბოლოსკენ, უკვე როდესაც თავზე ხელები ავიფარე, შემდეგ უკვე წიხლებით გადმოვიდნენ და ტანის არეშიც დამარტყეს. თავის აწევაც ძალიან რთული იყო, შეიძლებოდა თვალში ან კბილებში მომხვედროდა მუშტი, ამიტომ თავდახრილსა და მიწაზე დაგდებულს უსასრულოდ მირტყამდნენ, რაც ფიზიკურად ძალიან რთული ასატანი იყო. უმძიმესი იყო ჩემი ძმისა და მეგობრის ნახვა, მიკროავტობუსში ვნახე ისინიც ნაცემები”, – ამბობს თორნიკე ბერაძე.
„ჩემი ძმა იმდენად ნაცემი იყო და ხელი ისე მოაწერა ყველაფერს, რომ არ დაჰკვირვებია. მე წავიკითხე ოქმი და ხელი არ მომიწერია, იქ ეწერა სიცრუე ფაქტობრივ გარემოებებზე. მაგალითად, ის, რომ ვიყავით პარლამენტთან, ვიგინებოდით, წინააღმდეგობას ვუწევდით და დაგვაკავა ერთ-ერთმა პოლიციელმა. სიმართლე ის იყო, რომ ვიყავით ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, საკმაოდ მოშორებულები პროტესტს და პოლიციამ კი არა, ნიღბიანებმა დაგვაკავეს. არავის არც წინააღმდეგობას ვუწევდით, არც ვაგინებდით. წინააღმდეგობის გაწევა არ ყოფილა დაკავების დროსაც კი”, – ამბობს ევრონიუსთან ინტერვიუში ბექა ბერაძე.
ბექა ბერაძემ 48 საათი იზოლატორში, მისმა ძმამ და მეგობარმა კი რამდენიმე დღე საავადმყოფოში ტვინის შერყევით გაატარეს.
„ჯანმრთელობის გადამოწმება, რასაც გვირჩევენ ცემის მერე, ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ რაიმე სიმპტომს ვერ ვგრძნობ. ჩემს ძმასა და მეგობარს ჯერ კიდევ აქვთ სისუსტე და თავბრუსხვევა. წესით, ორივე სახლში უნდა იყოს და იწვეს, მაგრამ ერთია დაბარებული, როგორც ადმინისტრაციული დამნაშავე და მეორე – როგორც მოწმე”.
„მაინც სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა სასამართლომ, ჩვენ მიგვაჩნია, მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს, რომ მსგავსი ფაქტის დადგენა შეუძლებელი იყო. ის სტანდარტი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიციელის არადამაჯერებელი ჩვენებით იღებენ გადაწყვეტილებას, მიუღებელია. არანაირი სხვა მტკიცებულება არ ყოფილა, არ ყოფილა არც ვიდეომტკიცებულება. ჩვენ წარმოვადგინეთ მოწმეები, ვინც საპირისპიროს ადასტურებდა”, – ამბობს თორნიკე ბერაძის ადვოკატი კახაბერ წერეთელი.
„სიტყვიერი შენიშვნაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს სასამართლო სამართალდამრღვევად ცნობს, ანუ პრინციპული დამოკიდებულება აქვს სასამართლოს, რომ არავინ გამართლდეს ასეთ საქმეებზე”, – ამბობს ადვოკატი კახა კოჟორიძე.
ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით საქმის წარმოება ამ დროისთვის 500-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების უმეტესობას სასამართლომ 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.