მთავარისაქართველო„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს თითოეული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე” – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები ჟურნალისტებს გურამ როგავას და დავით ცაგარელის ინტერესებს იცავენ. ცენტრის იურისტების განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს ჟურნალისტები დაზარალებულად იყვნენ ცნობილი.

„სამწუხაროდ, ჟურნალისტური საქმიანობა არ არის უსაფრთხო და ამ მიმართულებით აუცილებელია გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმიტომ, რომ მედიაპლურალიზმის გარეშე, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს. ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებები და ფაქტები, რომელიც ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში მოხდა. ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ფაქტობრივად, ტენდენციური სახე მიიღო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ასევე, მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინოს თითოეული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საკითხები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექვემდებარება და ამიტომ, მნიშვნელოვანია, გონივრულ ვადაში გამოიძიონ ყველა ის ხელშეშლის ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ წელიწად ნახევრის განმავლობაში 47 საქმე აქვს, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას.

ეს პატარა მონაცემები არ არის. კოლეგა ორგანიზაციებს ასევე სხვა ხელშეშლის ფაქტები აქვთ და სხვა „ქეისები“, რომელიც ერთობლიობაში ქმნის ტენდენციას, რომ ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა უსაფრთხო არ არის. თუ გონივრულ ვადაში და მყისიერად არ იქნება გამოძიებული მსგავსი ქმედებები, ამას მსუსხავი ეფექტი ექნება და გაჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ხელეწიფება აღნიშნული „ქეისების“ გამოძიება, აუცილებელია მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ გურამ როგავას და დავით ცაგარელის „ქეისი“, რომელთაც ორგანიზაცია იცავს. ყველა ვიდეომტკიცებულება არსებობს და არსებობს ის წინაპირობა, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად იყვნენ ცნობილი. ამდენად, როდესაც ხელის გულზე დევს ყველა მტკიცებულება და სახეზეა მტკიცებულებათა ერთობლიობა, აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად იმოქმედონ, არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება“,- განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა გიორგი კაკუბავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend