მთავარისაქართველოსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.

უწყების ცნობით, დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის გზები განიხილეს. საქართველოს დიპლომატიური უწყება წუხს „არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით“. შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ევროკავშირის ელჩი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებაზე.

დიპლომატების შეხვედრას წინ უძღოდა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომლის თანახმადაც, დადგა ის ეტაპი, „როცა მოქმედებაა საჭირო“. მისივე თქმით, „სანქციების მომზადება უკვე დაწყებულია“. ევროკავშირის ელჩის განმარტებით, დამატებითი დეტალები 16 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ევროკავშირის ელჩის 9 დეკემბრის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, პაველ ჰერჩინსკის სიტყვები იმის დასტურია, რომ „16-17 დეკემბერს ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა“. მდინარაძის განცხადებითვე, „ქართულმა ოცნებამ“ „წინსწრებით მიღებული გადაწყვეტილებებით გარკვეულწილად შეძლო ასჯერ სერიოზული შიდა არეულობის პრევენცია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend