თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, იგი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები და დაიდგა მთავარი ნაძვის ხე. მისივე თქმით, არ შეიძლება ბავშვებს წაერთვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა. მან თქვა, რომ პატარები უნდა მაქსიმალურად იყვნენ შორს პოლიტიკური პროცესებისგან. მან თქვა, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება, ისევე როგორც ძალადობის წახალისებას.
„დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები. რასაკვირველია, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც ბოლო წლებია უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, უამრავი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას”,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.