საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით პარიზში იმყოფება. ის მსოფლიოს ლიდერებთან ერთად პარიზში ესწრება ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას, სადაც 40-მდე ქვეყნის ლიდერი იმყოფება. ტაძრის გახსნის ცერემონიაში ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„სიღრმისეულად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”, — წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა თავად უკრაინის პრეზიდენტი. მან აღნიშნა, რომ უკრაინა გამოხატავს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ღირსეული მომავლისთვის იბრძვის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შესაბამისად უპასუხებს და მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში. შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
I met with the President of Georgia, @Zourabichvili_S, in Paris.
I expressed Ukraine’s full support and solidarity with the Georgian people, who are fighting for their dignified future, and emphasized that respecting the will of the Georgian people and preventing Ivanishvili’s… pic.twitter.com/d09B9BZqf6
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 7, 2024
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო და უკრაინა შეძლებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მისი თქმით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.