პროტესტის მე-9 დღეს სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის აეროზოლს.
როდესაც მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, თავდაპირველად იქ მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. მოგვიანებით კი გამოჩნდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები.
ვითარება ჯერ თავისუფლების მოედანზე დაიძაბა, როდესაც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ საპოლიციო ძალებმა მოქალაქეთა ჩხრეკა და დაკავება დაიწყეს. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის. მოგვიანებით კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაიწყო იმ დემონსტრანტების დაკავება, რომლებიც მათი ცოცხალი კედლის სიახლოვეს იყვნენ და საპროტესტო შეძახილებს მიმართავდნენ.
მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრაციის დაშლა დაიწყო, საგანგებო განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი წერს, რომ შეკრება მშვიდობიანი იყო და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი.
„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავება და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეთ საშუალება, განაგრძონ აქცია“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად საპოლიციო ძალების მოწოდებებისა, ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ.
ჯერჯერობით უცნობია, 6-7 დეკემბრის ღამეს ზუსტად რამდენი მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.