„ფართომასშტაბიანი სისტემური ძალადობა” – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სპეცდანიშნულების რაზმისა და საპოლიციო ძალების ქმედებებს რუსთაველის გამზირზე, სადაც მერვე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატებთან ერთად დაკავებულებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ.
„როდესაც ვიცით, რომ კონკრეტული პირი დააკავეს, სამწუხაროდ, ავტომატურად ვვარაუდობთ, რომ ის, შესაძლოა, გახდეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ამიტომაც ვამბობთ, რომ ამ ფაქტებს აქვს ფართომასშტაბიანი, სისტემური ძალადობის ხასიათი”, – ამბობს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი.
28 ნოემბრიდან დღემდე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს 300-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული. საიას ინფორმაციით, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჰყვება, რომ პოლიციამ ან სპეცრაზმმა მასზე სასტიკად იძალადა.
„დაკავებულები სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებთან კომუნიკაციისას ამბობდნენ, რომ დაკავების შემდგომ პერიოდში, მათ შორის ტრანსპორტირებისას, ექვემდებარებოდნენ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვაკვალიფიცირებთ როგორც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ზოგიერთი მათგანი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ჰოსპიტალიზაცია გარდაუვალი იყო, რომ არ დამდგარიყო ლეტალური შედეგი, ან ჯანმრთელობის სხვაგვარად გაუარესება. აღენიშნებათ ისეთი მძიმე დაზიანებები, როგორებიცაა სახის ძვლებისა და ყბის მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები, ჰემატომები, ასევე, ტვინის შერყევა და მასთან დაკავშირებული სხვა მძიმე გამოვლინება. საუბარია მორალურ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც, ასევე იყო მუქარა გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთობლიობაში ამ ქმედებების წამებად კვალიფიკაციის მიზეზი”, – ამბობს თამარ ონიანი.
საპროტესტო აქციების პარალელურად დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მათ სამართლებრივ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის იურისტებთან ერთად კერძო ადვოკატებიც უწევენ. ამის მიუხედავად, დროის მცირე მონაკვეთში ჩანიშნული ბევრი პროცესის გამო დაკავებულთა ნაწილი მაინც ადვოკატის გარეშე რჩება. უფლებადამცველებს ვკითხეთ, რამდენად შესამჩნევია სასამართლო დარბაზებში ფიზიკური ძალადობის კვალი.
„დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება ფიზიკური დაზიანება. საუბრობენ, რომ დააკავეს ძალის გადამეტებით. პოლიციელები ძალადობდნენ, კეტავდნენ მათ სამარშრუტო ტაქსიში, სადაც უშვებდნენ გაზს, იყენებდნენ არაადამიანური მოპყრობის, წამების მეთოდებს”, – ამბობს თამარ ფაჩულია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატი.
„ნაცემი დაკავებულები იმყოფებიან სასამართლოში და სასამართლო არ ინტერესდება, როგორ მიიღეს ფიზიკური დაზიანება. იყო შემთხვევა, როცა სხდომაზე გაითიშა დაკავებული და აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ასევე იყო ზვიად რატიანის საქმე, სადაც ცნობა იყო წარდგენილი, რომ დაზიანებული აქვს გულ-მკერდის მალა და სახე. ამის მიუხედავად, სასამართლომ მას ადმინისტრაციულ პატიმრობა მიუსაჯა”, – ამბობს თეო ზაქარაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვას გეგმავს.