მთავარისაქართველოანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ კეზერაშვილმა ჯარის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა...

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ კეზერაშვილმა ჯარის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა გაფლანგა

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მილიონ 60 ათასი ევრო გაფლანგა  – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო ადასტურებს, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია.

ანრი ოხანაშვილით განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის საქმეზე ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, თუმცა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ეს უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ, 5 060 000 ევრო, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 15 მლნ ლარს შეადგენს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მსურს, საზოგადოებას შევახსენო კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებ. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება „ოფშორში“ დარეგისტრირებულ კომპანიასთან, ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა 5 060 000 ევროს ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ ყველაფრის გათვალისწინებით დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება. ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოს, ქართულ ჯარს და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას. ასევე, დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციის ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედია მენეჯერად, მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend