მთავარიაზიასამხრეთ კორეასაომარი მდგომარეობა სამხრეთ კორეაში - რა მოხდა?

საომარი მდგომარეობა სამხრეთ კორეაში – რა მოხდა?

გუშინ, 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას ქმნიან, ჩრდილოეთ კორეის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი და ქვეყნის განვითარებას ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით უთხრიან ძირს.

„საომარი მდგომარეობის გამოცხადებით მე ხელახლა ავაშენებ და დავიცავ სამხრეთ კორეის თავისუფალ რესპუბლიკას, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. მე აუცილებლად მოვსპობ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განადგურებასა და ერის დაცემაში. ეს არის აურიდებელი ნაბიჯი, რათა დავიცვათ ხალხის უსაფრთხოება და თავისუფლება, აგრეთვე, ჩვენი სისტემა, რომლის ჩამოშლაც ანტიეროვნულ ძალებს სურთ“, – ამბობს იუნ სოკ იოლი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თანამდებობა 2022 წელს დაიკავა. მან თავისი მეტოქე, ლი ჯე-მიუნგი მცირე სხვაობით დაამარცხა. მალევე იუნ სოკ იოლის გარშემო აჟიოტაჟი ატყდა. მას, მის მეუღლესა და რამდენიმე კორეელ მაღალჩინოსანს ბრალს სდებენ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში, რის გამოც დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასა და საკითხის შესწავლას მოითხოვენ. პრეზიდენტი ამ მოწოდებებს არ ეთანხმება.

მოვლენებიდან ერთ საათში პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათი თქმით, საომარი მდგომარეობა დაუსაბუთებლად გამოცხადდა და არაკონსტიტუციურია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო თავად მისივე პარტიის ლიდერისთვის, რომელმაც, ოპოზიციის მსგავსად, საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შევიდნენ სამხედროები. შენობასთან კი გაიმართა საპროტესტო აქცია, დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კენჭისყრის შემდეგ საომარი მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ევალება, რაც იუნ სოკ იოლმა მალევე შეასრულა. პრეზიდენტის მიერ სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას ეროვნული ასამბლეის შენობის გარეთ შეკრებილი ხალხი სიხარულით შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend