მთავარისაქართველოაქციების დარბევის ფაქტებზე საია ჰააგის სასამართლოს მიმართავს

აქციების დარბევის ფაქტებზე საია ჰააგის სასამართლოს მიმართავს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება უკანონო ქმედებები. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საია ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით საკოორდინაციო ფორმატს ქმნის.

„მზარდი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმის სახით. ასევე სამოქალაქო მოსახლეობას დევნიან პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით. გამოვლინდა მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. საია შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს.

ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შესაძლებელია ამ მიმართულებით მიმართვა და საქართველოში არსებული ვითარების შესწავლა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ამ განაცხადით გვინდა ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ პროცესები, რომლებიც პირველ რიგში გულისხმობს ამ დარღვევების დეტალურ დოკუმენტირებას“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

„საია” ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გაასაჯაროონ ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევენ წყალს, რომელიც დემონსტრანტების დარბევისას გამოიყენება.

„როგორც კი დაიწყო ამ პრაქტიკის გამოყენება, ჩვენ მოვუწოდებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაესაჯაროებინა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია, რომლის შერევაც ხდება წყალში. ამ ნივთიერებას აქვს უფრო ხანგრძლივი ეფექტი და დამაზიანებელი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სანამ არ იქნება ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს ისეთი პირების მკურნალობას, რომლებზეც გავლენა ჰქონდა ამ ნივთიერებას. ამიტომ ამ მოთხოვნას ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას. ეს არის აკრძალული პრაქტიკა. დაუშვებელია სხვადასხვა საშუალების ერთმანეთში შერევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ბრძანებაში რამდენიმე წლის წინ შეიტანა ცვლილება და ჩაწერა, თითქოს, ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. დაუშვა, რომ ასეთი პრაქტიკა ყოფილიყო გამოყენებული. ის, რაც წერია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი გამოყენება მიუხედავად იმისა, წერია თუ არა ეს სამინისტროს ბრძანებაში, არ აქცევს მას კანონიერად,“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend