საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სარჩელი 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ არსებით განხილვაში არ მიიღო. განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„არ მიიღება არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები – საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ”, – ნათქვამია განჩინებაში.
განჩინებას თან ერთვის ორი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის, განსხვავებული აზრი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი გამოთქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხება. თეიმურაზ ტუღუშმა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობასთან ერთად განსხვავებული აზრი გამოხატა კენჭისყრის ფარულობის ნაწილშიც.
პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელი კენჭისყრის ფარულობასა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევას ეხებოდა.