საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობა პოლიციის მიერ უმძიმეს მოპყრობაზე საუბრობს.
„მძიმე დაზიანებები უმრავლეს შემთხვევაში სახის, თვალისა და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია ყველა ჯერზე მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, 3 დეკემბერს, 19:00-ის მდგომარეობით, აპარატმა ჯამში 201 პირი მოინახულა, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 21 წლის ბიჭი. მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„წინა დღეებში გავრცელებული მონაცემების შემდეგ რწმუნებულებმა 1-3 დეკემბერს დამატებით მოინახულეს თბილისის, ბაღდათის, გორისა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე კლინიკებში, განთავსებული 75 პირი, რომელთაგან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 56-მა პირმა მიუთითა (21-მა მათგანმა რეაგირება არ ისურვა). დაკავებულთაგან 44-ს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მუდმივად აწვდის მოქალაქეებისაგან მიღებულ და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. აპარატი ასევე განახორციელებს შესაბამის რეაგირებას დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე” – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან თითოეული ძალადობის ფაქტი და უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რათა აღიკვეთოს პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.