მთავარიკუბიაქციაზე დაკავებულთა ნაამბობი

აქციაზე დაკავებულთა ნაამბობი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ამ დღეებში 250 მოქალაქე დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მათ არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ყველა მათგანს აქვს მძიმე ფიზიკური დაზიანება.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ყველა დემონსტრანტს სპეცრაზმელები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები სასტიკად უსწორდებოდნენ და გამეტებით ურტყამდნენ სახეში.

„პირდაპირი მნიშვნელობით სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვთ (ყბა, საფეთქელი, ცხვირი, თვალის ბუდე) და სახეები არ ეტყობათ. ნაწილი თავლიდან ვერ იყურება. ყველას თვალის ბუდე აქვს გატეხილი, სადამსჯელო რაზმები ამ ადამიანების თვალებზე ნადირობდნენ ისევე, როგორც 20 ივნისის ღამეს. რაც რეზინის ტყვიით არ გააკეთეს, სახეში გამეტებით წიხლებისა და მუშტების დარტყმით მიაღწიეს”, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა სიმონიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” მოახერხა, 6 დღეში შეექმნა მასობრივი, ორგანიზებული და ინტენსიური ძალადობის ისეთი პრაქტიკა, რომლისთვისაც სხვა მმართველობებს წლები სჭირდებათ.

„იგი სიკვდილისთვის წირავს ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილება და რომლებიც ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იყვნენ ზრუნვისა და იმედის რესურსი, გაფრთხილებისა და მხარდაჭერის საგანი”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend