საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად თანამდებობებს ტოვებენ. განცხადებაში, რომელსაც 2 დეკემბრის 02:20 საათისთვის ხელს 8 ყოფილი ელჩი აწერს, ვკითხულობთ, რომ „ევროკავშირთან მოლაპარაკების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს“.
ყოფილი ელჩები სრულიად იზარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას და მიესალმებიან საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას.
„მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები მიგვანიშნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მალე შეიძლება შეჩერდეს. ამას კი, მყისიერად მოჰყვება ევროპის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც თავის დაღწევას ჩვენი შთამომავლები კარგა ხანს ვერ შეძლებენ.
მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია.
არათუ ევროპულ, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება ის სისასტიკე, რასაც საიდენტიფიკაციო ნიშნის არ მქონე შავფორმიანები ავლენენ მომიტინგეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს მომავალს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.