მთავარისაქართველოთსუს სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

თსუს სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას, შეხვედრა სტუდენტებთან დასრულებულია. შეხვედრამდე სტუდენტებმა თსუს ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს. მათ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე უნივერსიტეტის მიერ სასწავლო პროცესის შეჩერება და მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის თსუს ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მოითხოვეს.

დაახლოებით საათ-ნახევრიან შეხვედრაზე სტუდენტები და რექტორი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. სტუდენტების ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე ჯაბა სამუშიამ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე უარი განაცხადა, რასაც უნივერსიტეტის სტუდენტები ეწინააღმდეგებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ თუ ჯაბა სამუშია მედიის თანდასწრებით არ შეხვდებოდა, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებდნენ და პირდაპირ ეთერს მოითხოვდნენ. საბოლოოდ, სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე შევიდოდა ერთ-ერთი ონლაინმედია „მრავალკუთხედი“, რომლის ჟურნალისტებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

დღის 1-ელი საათიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი და განივი კორპუსებიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. თსუ-ს პირველ კორპუსთან მათ ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი, ვაცხადებთ გაფიცვას, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოს. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია:

  1. ახალი არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური საარჩევნო კომისიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში.

  2. თსუს ადმინისტრაციის მხრიდან სწავლის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთება, სანამ პირველი პუნქტი არ დაკმაყოფილდება.

  3. თსუს ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის.

ამავდროულად, სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან, ან დაშავდნენ თვითაღიარებული ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.

ერთად დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი და ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენი ხმა აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადეს სტუდენტებმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend