მთავარისაქართველოკრემლი საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

კრემლი საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანებიან მოსკოვში. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ის, რაც ქვეყანაში ხდება საქართველოს საშინაო საქმეა, ხოლო რუსეთი ამ ტიპის პროცესებში არც აქამდე ჩარეულა და არც მომავალში აპირებს.

„ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, ქვეყნის საშინაო საქმეა. ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ვაპირებთ ჩარევას ამ პროცესებში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, აშკარაა დესტაბილიზაციის მცდელობა. მსგავსი მოვლენები ჩვენ არაერთ ქვეყანაში გვინახავს, ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, თუ პარალელს გავავლებთ უკრაინაში, მაიდანის მოვლენებსა და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობასთან. ქართული ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს მდგომარეობის დასამშვიდებლად და დასასტაბილურებლად“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მასშტაბური საპროტესტო აქციები საქართველოში 28 ნოემბერს დაიწყო. დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ამოღებულია ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების საკითხი, ასევე ხელისუფლების უარს ევროკავშირისგან ყველა ტიპის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ირაკლი კობახიძის ამ განცხადების შემდეგ რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტთან დემონსტრაციები დაიწყო, მოგვიანებით კი საპოლიციო ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend