არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დღეს, 2 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა. მათ ისაუბრეს ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ზომებზე, რომლებიც მათი შეფასებით, სცდება კანონსა და ყველანაირ პროპორციულ ზომას. ისინი ამბობენ, რომ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას სამართალდამცველთა მხრიდან, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე აცხადებენ, რომ აქციის მიმდინარეობისას ყველა დღეს გამოიკვეთა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის, რეპრესიების, მათზე ნადირობის ფაქტები. საბოლოო ჯამში კი, 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი გახდა პოლიციელთა სამიზნე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი.