„ყველა სხვა გზა ფრუსტრაციისა და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ მიდის. თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, დაიბრუნოს თავისი ხმა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირველ დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მოქალაქეების პროტესტი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოს არ სცდება.
„საზოგადოება თავისი სამოქალაქო წამოწყებებით, ეს ქუჩის პროტესტი და ჩვენი ყველანაირი ქმედება კონსტიტუციის მხარესაა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. სამაგიეროდ მმართველი პარტია ყოველ ნაბიჯზე გადის კონსტიტუციის გარეთ: არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავის ბოლო გადაწყვეტილებებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია და მისი და პოლიტიკური პარტიების მხრიდან არანაირ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა საჭიროებს მხარდაჭერასა და დაცვას.
„ჩვენ განვიხილეთ პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და რომელიც სრულიად დამოუკიდებელ პროცესია პოლიტიკური პარტიებისგან და რაიმე ორგანიზაციისგან. იგი თვითორგანიზებული და სპონტანურია, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს საქართველოში არ არის ქალაქი, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში. იგი მოიცავს ყველა თაობას, პროფესიასა და სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთად, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით. ყველა შევთანხმდით, რომ მას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების, და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.
იმ ადამიანების სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან, მორალური ვალდებულებაა. მათი არდავიწყება, ასევე, ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა, დაცული იყოს. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც და თქვა, რომ მზადაა პირველ არხს სპეციალური ინტერვიუ მისცეს.