„ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის განცხადებით ის მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ევროკავშირი მათ დაელოდება, რადგან სწორედ ქართველი ხალხი წყვეტს თუ სად უნდა იყოს საქართველო. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით დღეს ყველა ახალ რეალობაში გაიღვიძა, რაც ძალიან გულსატკენია.
„მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს სამუშაოს. ეს სიტყვები წარმართავდა პირადად ჩემს სამუშაოს აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, როცა ევროკავშირში გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარი გაგვეღო. ჩვენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას. ის ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.