პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ საპარლამენტო კანცელარიას მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. კოალიციის ლიდერების განცხადებით, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევა და მკაფიო აზრის დაფიქსირება, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ლიდერების შეფასებით, არც არჩევნების გამოცხადებული შედეგები და არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეკრებილი „ოცნების“ 89 დეპუტატი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მანდატების გაუქმების მოთხოვნით განაცხადის წარდგენამდე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მათივე მიმართვის საფუძველზე სამი ოპოზიციური კოალიციის – „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაცია გააუქმა. ჯერჯერობით, მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს. ექსპრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას „შესაბამის დროს“ მიიღებენ.-