მთავარიფოკუსიბრინჯის პლასტმასა და უნიკალური ტოკენები - იაპონიაში ტრადიციას ინოვაციასთან აწყვილებენ

ბრინჯის პლასტმასა და უნიკალური ტოკენები – იაპონიაში ტრადიციას ინოვაციასთან აწყვილებენ

იაპონიის ქალაქი ნიიგატა რევოლუციური ინოვაციების ცენტრია. აქ ბრინჯისაგან ეკოლოგიურ პლასტმასას ამზადებენ, ქმნიან ციფრულ  სოფლებს, რომლებიც ადგილობრივ ტრადიციებს იცავენ და ძველ ჩვეულებებს ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევებით ამდიდრებენ.

იაპონიაში მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარე ნიიგატის პრეფექტურას ინდუსტრიული მიღწევების დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ რეგიონის დღევანდელ მოსახლეობას არ დაუკარგავს  წინაპართა ქებული მეწარმის ალღო და  სული, რომლის წყალობითაც ცდილობენ, თანამედროვე საზოგადოების პრობლემები გადაჭრან. ჩვენ ნიიგატაში ჩამოვედით, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ აქაური ტექნოლოგიური მიღწევები.

იაპონელების უმეტესობისთვის ნიიგატა ბრინჯთან ასოცირდება. სწორედ ამ რეგიონში აწარმოებენ ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო ბრინჯს, თუმცა დიდი რაოდენობით ბრინჯი მომხმარებლამდე ვერც აღწევს. დაწუნებული ბირნჯი ტყუილად რომ არ დაიკარგოს, ნიიგატაში შექმნილმა ერთმა სტარტაპმა Rice Resin-მა, რომელიც ახლა ფუკუშიმაში გადავიდა, მისი გამოყენების გონივრულ გზას მიაგნო.

ოკუდა შინჯი, Rice Resin Inc-ის ხელმძღვანელი:

„კვებისთვის გამოუსადეგარი ბრინჯისგან ბიომასას ვაწარმოებთ. რადგანაც ბიომასისგან პლასტმასის მიღების ტენდენცია უკვე მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ჩვენ გვინდოდა, რომ ასეთი ტიპის ბიომასისგან პლასტმასის წარმოების ბიზნესი აქ, იაპონიაშიც, დაგვენერგა.“

იაპონიაში გეგმავენ, რომ ბიოპლასტმასას მოხმარება 2030 წლისთვის ოცჯერ გაზარდონ და დღეს წარმოებული 100 ათასი ტონის ნაცვლად 2 მილიონ ტონაზე ავიდნენ.

ბრინჯის პლასტმასაზე მოთხოვნის ზრდის გამო წარმოება  გადავიდა ფუკუშიმაში მდებარე უფრო დიდ ქარხანაში, რომელიც ასევე საკვებად გამოუსადეგარ ბრინჯს იყენებს.

კომპანია Rice Resin-მა ტექნოლოგია პლასტმასის წარმოებისთვის საჭირო ნავთობპროდუქტებისგან მიღებული პოლიმერების გარკვეულ პროცენტს ბრინჯით ანაცვლებს. ამ გზით ბიომასისგან მიღებული პლასტმასის წარმოების დროს ნაკლები ნახშირბადი გამოიყოფა, როდესაც მას ექსპლუატაციის ვადა გაუვა და დაწვავენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ არ არის აუცილებელი ყველა პლასტმასა ხრწნადი იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ მასალის გამძლეობაც მცირდება,“- განმარტავს  ოკუდა შინჯი, Rice Resin Inc-ის ხელმძღვანელი. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ ნავთობპროდუქტების შემცველი პლასტმასის გამოყენება, რისთვისაც წარმოებისას ბიომასის წილს ვზრდით“.

Rice Resin-ის მიერ წარმოებული ნაკლები ნახშირბადის შემცველი პლასტმასისგან ამზადებენ ჩანთებს, შესაფუთ მასალასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს. ხშირად ამ პროდუქციას იმავე რეგიონში ყიდიან, საიდანაც ბრინჯი წამოიღეს – მაგალითად, ქალაქ ნიიგატის საჩუქრების მაღაზია Kitamae Shop-ში.

„მაგალითად წითელი კოვზი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ის ბრინჯისგან არის მიღებული, ეს ეკოლოგიური პროდუქტია და არც ხალხს ვნებს და არც გარემოს. ამიტომ ბევრს სურს ასეთი პროდუქტის ყიდვა“, – ამბობს სუძუკი იუსუკე, Kitamae Shop-ის მენეჯერი.

Rice Resin-მა ნიიგატის სახელგანთქმული ბრინჯის სულ სხვაგვარ გამოყენების გზას მიაგნო.

კიდევ ერთი ინიციატივის წყალობით, ამ რეგიონის საყვარელი თევზი კობრი კოი, რომელსაც აქ ნისიკიგოის უწოდებენ, იმედის ციფრულ ნაპერწკლად იქცა.

ნისიკიგოი  იამაკოშიში გაჩნდა,“ – გვიხსნის  ტაკუჩი ჰარუკა, სოფელ ნეოიამაკოშის Neo-Yamakoshi დამფუძნებელი. „და რადგანაც ეს თევზი უკვე ითვლება იამაკოშის კავშირად მსოფლიოსთან, გადავწყვიტეთ, რომ მისი თემა  ნისიკიგოის შეუცვლელი ტოკენისთვის (NFT) გამოგვეყენებინა.

ნიშიკიგოის უნიკალური ტოკენები (Nishikigoi NFTs) სოფელ ნეოიამაკოშის პროექტის ცენტრალური ნაწილია, რომელიც 2021 წელს დაიწყო. ამ უნიკალური ციფრული ტოკენების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით იამაკოშიში შექმნეს ამ სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერის სისტემა, რადგან მათი რიცხვი მცირდება და მოხუცების რაოდენობა მატულობს. ჩუეცუს რეგიონში 2004 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ იამაკოშის მოსახლოების რაოდენობა 2200-იდან 730-ამდე შემცირდა. მაგრამ ნიშიკიგოის უნიკალური ტოკენების 1750 მფლობელი ციფრული სოფლის მკვიდრად დაარეგისტრირეს. ისინი ინტერნეტით უკავშირდებიან სოფლის მოსახლეობას და თავადაც იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფელი.

სოფელ იამაკოშის რეალურ მოსახლეობასა და ციფრული სოფლის მკვიდრთ ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვთ კენჭისყრაშიც და დისკუსიებშიც. ერთადერთი, რაშიც ციფრული სოფლის მოსახლეობა მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის იამაკოშის პოლიტიკოსების არჩევნები, ამ უფლებას იაპონური კანონმდებლობა მხოლოდ სოფელში ფიზიკურად მცხოვრებ ადამიანებს უნარჩუნებს.

ერთ დღესაც იამაკოშის ორი სამყაროს მკვიდრნი ერთმანეთს შეხვდნენ. ციფრული სოფლის მოსახლეობაც და სოფლის ძველი მოსახლეობაც დიდი ფესტივალისთვის შეიკრიბა.

ძველი მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის ისტორია დაეხმარა მათ, რათა ახალი პროექტი მიეღოთ.

„ეს უნიკალური ტოკენები თანამედროვე ტექნოლოგიაა, თუმცა რაც თავი მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, უცხოელი იყო თუ სხვა რეგიონის მცხოვრები, ყოველთვის ჩამოდიოდა ნისიკიგოის თევზის ბიზნესის საწარმოებლად. ასე რომ, დიდი წინააღმდეგობა არავის გაუწევია“, – განმარტავს ტანაკა ჰიტოშიიამაკოშის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.

ციფრული სოფლის  მცხოვრებნი  სულ უფრო მეტად მონაწილეობენ  სოფლის ცხოვრებაში, ადგილობრივი ხარების ბრძოლის გულშემატკივართა კლუბიც კი შექმნეს და ყველა შეჯიბრებას ესწრებიან. ისინი ამბობენ, რომ ურთიერთობა ორმაგად სასარგებლოა. ისინი სოფლის ცხოვრების იდილიით ტკბებიან და თან სოფლის კულტურის დაცვას უწყობენ ხელს. პროექტის მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ფიზიკური მხარდაჭერაც.

იამაკოშის მოსახლეობა ამჟამად მცირდება და ასაკიც ემატება, რის გამოც მას მუშახელის დეფიციტი ემუქრება,“ – ამბობს რიუიამაკოშის ციფრული სოფლის მცხოვრები. „ამიტომ ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც გვინდა, ის არის, რომ შევქმნათ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტი ხალხი შევკრიბოთ, როცა საჭირო იქნება“.

განახლებული იამაკოშის პროექტის ანალოგი არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ ის მთელ მსოფლიოში იქნება სამაგალითო სხვა ისეთი სოფლებისთვის რომლებიც მოსახლეობისგან იცლება. ეს ამბიციური პროექტია, ისევე, როგორც „რაის რეზინის“ Rice Resin ბიომასის პლასტმასა. მაგრამ ნიიგატის მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ ისინი ახალი მომავლისკენ მტკიცედ მიიკვლევენ გზას.

ავტორი: ანკა ულეა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend