ყველა ამ ბავშვს, დღის ცენტრსა და 24 საათიან თავშესაფარში მოხვედრის განსხვავებული ამბავი აქვს. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ და და ათასგვარ სამუშაოს ასრულებდნენ. ქუჩაში მოხვერდრის მიზეზი კი უმეტესად ოჯახში ძალადობა და უკიდურესი გაჭირვება იყო.
ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ“ საქართველოს თანამშრომლებმა ისინი ქუჩას დააშორეს და ახლა სკოლის შემდეგ ეს ბავშვები დღის ცენტრში მოდიან და მეცადინეობენ. აქვე იკვებებიან, ხატავენ, თამაშობენ… საღამოს კი სახლში ბფრუნდებიან. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც თავშესაფარში მუდმივად ცხოვრობენ.
საქართველოში არ არსებობს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა, თუმცა World Vision საქართველოში ამბობენ, რომ მათი გამოთვლებით ეს რიცხვი დაახლოებით 3000-ია.
„ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის გვაქვს თბილისში 2 დღის ცენტრი და ღამის თავშესაფარი. ასევე, გვყავს 5 მობილური ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ბავშვების ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვონ. მთავარი მიზანია ისინი დააშორონ ქუჩას და მოიყვანონ ცენტრებამდე, სადაც ჩვენი თანამშრომლები მრავალმხრივი მიდგომით ცდილობენ ამ ბავშვების მხარდაჭერას და მათზე ზრუნვას“,- ამბობს ნინო დანელია, ბავშვთა დაცვის მიმართულების კოორდინატორი World Vision საქართველოში.
ბავშვების ყოველდღიურ მხარდაჭერაზე ზრუნავს, სოციალური მუშაკიც, თინათინ წერეთელი. ის ამბობს, რომ ბავშვის შემოსვლის პირველივე დღიდან აფასებებენ მის საჭიროებებს და შემდეგ ეხმარებიან.
„ჩემი ერთ-ერთი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ ბავშვების კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობა. ხელი შევუწყოთ მათი სოციალური უნარების განვითარებას. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ განათლების უფლება. მაგალითად, ისინი არ ირიცხებიან საერთოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და, რა თქმა, უნდა ამის აღმოჩენისთანავე ჩვენ ვცდილობთ ისინი დავარეგისტრიროთ სკოლაში“.- ამბობს სოციალური მუშაკი, თინათინ წერეთელი.
უკვე 10 წელია, რაც ორგანიზაციის თანამშრომლები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ. 10 წლის წინ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვორლდ ვიჟენ საქართველომ 3 დღის ცენტრი და ღამის თავშესაფარი გახსნა. აქედან 2 თბილისშია, ერთი კი ქუთაისში. და მაინც რა არის ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის მთავარი გამომწვევი გაეროს ბავშვთა ფონდმა, ამაზე რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩაატარა.
„აღმოჩნდა, რომ როგორც წესი ორი ან 3 მიზეზია რატომ არის ბავშვი ქუჩაში. პირველ რიგში, როდესაც ბავშვი თავის თავზე იღებს ზრდასრულის და შემომტანის ფუნქციას ოჯახში, ასეთი ოჯახში რა თქმა უნდა არის უკიდურეს გაჭირვება. ეს ზოგჯერ გამოწვეულია მშობლების ავადმყოფობით, ან სხვა მიზეზებით. ბავშვი იმის ნაცვლად, რომ წავიდეს სკოლაში და მიიღოს ის ცოდნა, რაც მას გამოადგება, გადის ქუჩაში და ცდილობს რაღაც დაუბრუნოს ოჯახს. არიან ბავშვების კატეგორია, რომელიც ოჯახს გაურბის უკიდურესი ძალადობის გამო“- ამბობს საქართველოში “გაეროს ბავშვთა ფონდის” სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე.
ბავშვები, რომლებიც „ვორლდ ვიჟენის“ დღის ცენტრებსა და 24 საათიან თავშესაფარში ცხოვრობენ სხვადასხვა სურვილები აქვთ, ზოგს თოჯინა, ზოგს კი სათამაშო სატვირთო ავტომობილი. თუმცა ერთი ციდა ბავშვიც მოულოდნელად იმას გვეუბნება, რომ ისეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება.